დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი დათანხმდა, რომ თემთა პალატაში ბრექსიტის გეგმაზე მეორე რეფერენდუმის ჩატარებას კენჭი უყარონ. მეიმ განაცხადა, რომ მისი კაბინეტი მზადაა, კომპრომისზე წავიდეს. მაგრამ იმისათვის, რომ თემთა პალატამ მეორე რეფერენდუმის ჩატარებას კენჭი უყაროს ჯერ მხარი უნდა დაუჭიროს მეის კაბინეტის მიერ შემუშავებულ ბრექსიტის გეგმას.

დეპუტატების ნაწილი, რომელიც ბრექსიტის გაუქმებას ითხოვს, იმედოვნებს, რომ მოსახლეობა გაიაზრებს თუ რასთან არის დაკავშირებული ევროკავშირიდან გამოსვლა და ამ იდეაზე უარს იტყვის.

გარდა ამისა, ტერეზა მეი აპირებს, რომ პარლამენტს ევროკავშირიდან გამოსვლის გეგმა მეოთხედ შესთავაზოს. წინა სამ ჯერზე პარლამენტმა გეგმის პროექტს მხარი არ დაუჭირა. მეის თქმით, კენჭისყრის შედეგების მიუხედავად თანაპარტიელებს ეტყვის როდის გადადგება. ვარაუდობენ, რომ პრემიერ-მინისტრი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ზაფხულში დატოვებს.