თბილისის მერიამ ბაღების კვებით მომმარაგებელ კომპანიასთან, შპს ნილთან ხელშეკრულება "სერიოზული ხარვეზების" გამო გაწყვიტა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მერიას არაერთხელ ჰქონდა კომუნიკაცია ამ კომპანიასთან. კალაძემ აღნიშნა, რომ კომპანია "ჯეროვნად ასრულებდა მოვალეობას", თუმცა ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ ჰქონდათ სერიოზული ხარვეზები, მიწოდებასთან დაკავშირებით:

"ჩვენ არაერთი გაფრთხილება მივეცით რომ გამოესწორებინათ, ბოლოს რამდენჯერმე შევხვდით. მივმართეთ რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოესწორებინათ ხარვეზები, თუმცა კომპოანიამ ეს ვერ შეძლო".

მერმა ასევე აღნიშნა, რომ მანამ, სანამ ახალ კომპანიასთან გააფორმებენ ხელშეკრულებას, ბაღები თავად უზრუნველყოფენ აღსაზრდელების კვებას.