დედა ბონობოები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათი მამრი შვილები წარმატებით გამრავლდნენ. ისინი ამ მიზნის მისაღწევად არაფერს ერიდებიან, იქნება ეს მამრი კონკურენტების ჩამოცილება, საკუთარი შვილის პარტნიორებამდე მიცილება თუ გამრავლების პროცესში დარაჯი და წყვილის სხვა მამრებისგან დაცვა.

დედა ბონობოებისთვის ეს ჩვეულებრივი ოპერაციაა, კვლევები კი მიუთითებს, რომ საკმაოდ წარმატებულიც — მამრებს, რომლებიც დედებთან ცხოვრობენ გამრავლების სამჯერ მეტი შანსი აქვთ.

"ჩვენ გვინდოდა შეგვემოწმებინა, ნამდვილად ახდენს თუ არა გავლენას დედა შვილის გამრავლებაზე, მიღებული პასუხი დადებითია. დედებს დიდი გავლენა აქვს იმაზე, თუ რამდენი შვილიშვილი ეყოლებათ მათ", — აცხადებს მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის პრიმატოლოგი მარტინ სურბეკი.

ბონობოების საზოგადოებაში დაბალი სოციალური საფეხურები გენდერულად თანაბარია, თუმცა სოციუმის ყველაზე მაღალ ფენებში მდედრები დომინირებენ. დედების დიდ ნაწილს აქვს საკმარისი სოციალური გავლენა იმისთვის, რომ საკუთარი მამრი შვილები ნაყოფიერ პარტნიორებს გაურიგონ. თუმცა, თუ ბონობოების სქესობრივ ცხოვრებას გავითვალისწინებთ, ამ საქმეში წარმატების მისაღწევად კიდევ ერთი რამ არის საჭირო, — ყურადღება.

დედა ბონობოები საკუთარ შვილებს გამრავლების პროცესში თვალს ყურადღებით ადევნებენ და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კონკურენტი მამრი წყვილის საქმეში ჩარევას შეეცდება, — პრაქტიკა, რომელიც ბონობოებში საკმაოდ გავრცელებულია — დედა მუდმივად მზადაა, რომ "თავდამსხმელს" გადაეღობოს და შეტევა დაბლოკოს.

ბონობოებში მსგავსი ბინძური ხრიკები ხშირია. ზოგჯერ, თუ დედა დაინახავს, რომ მისი შვილის გარდა სხვა მამრი გამრავლებითაა დაკავებული, ისინი ამ პროცესის ჩაშლას აქტიურად ცდილობენ ხოლმე. ზოგჯერ სიტუაცია განსაკუთრებით დრამატული ხდება.

"ერთხელ დავინახე, როგორ გამოგლიჯა დედამ პარტნიორს ერთ-ერთი მამრი ბონობო. საკამათოა, ზრდის თუ არა ასეთი ქცევა მათი შვილების გამრავლების შანსს, თუმცა ეს შემთხვევა კარგად აჩვენებს, თუ რაზე არიან ისინი წამსვლელები", — აცხადებს სურბეკი.

დედების გავლენის შესასწავლად სურბეკი კოლეგებთან ერთად ბონობოებისა და შიმპანზეების ველურ პოპულაციებს დააკვირდა. ორივე სახეობაში დედები შვილებს ბრძოლაში ყოველთვის ეხმარებიან, თუმცა შვილების გამრავლების საკითხში მხოლოდ ბონობოები ერევიან. შიმპანზეებში დომინანტები მამრები არიან, დედების გავლენა კი ნაკლებია.

გავლენიანი დედის მამრ შვილებს აშკარა უპირატესობა ჰქონდათ. მაგალითად, მათ შეეძლოთ საკვებით ყველაზე მდიდარ ხეებზე ჯდომა, ხოლო სურბეკის თქმით, ასეთ ხეებში სექსი განსაკუთრებით ხშირია.

განსხვავებით ბონობოებისგან, დედა შიმპანზეები შვილების გამრავლების შანსებზე გავლენას ვერ ახდენდნენ.

აღსანიშნავია, რომ დედა ბონობოები მდედრი შვილების მიმართ მსგავსი მზრუნველობით არ გამოირჩეოდნენ, იქნებოდა ეს გამრავლება, თუ მათი შვილიშვილების აღზრდაში მონაწილეობის მიღება. თუმცა, მამრებისგან განსხვავებით, რომლებიც დედებთან რჩებიან, მდედრი შვილები, როგორც წესი, ჯგუფს ტოვებენ და ახალ ოჯახებს იწყებენ.

როგორც ჩანს, დედა ბონობოებმა გენიალური სტრატეგია მოიფიქრეს, შვილების დახმარებით ისინი საკუთარი გენების გავრცელებას უწყობენ ხელს, თუმცა ისე, რომ თვითონ მეტი შვილის გაჩენა აღარ უწევთ. კვლევა ორშაბათს ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა.