მიშელ უელბეკის ცნობილ წიგნს, მორჩილებას, რომელშიც ავტორი პირდაპირ და მოურიდებლად, 2022 წლის საფრანგეთის ისლამიზაციის პროცესიის შესახებ გვიყვება, ჯერ კიდევ გამოცემამდე და ცხადია, დასტამბვის შემდეგაც, დიდი მღელვარება მოჰყვა. არაპოლიტკორექტული გამონათქვამებით ცნობილი მწერალი კი კრიტიკოსებს პასუხობდა, რომ მორჩილება მუსლიმების წინააღმდეგ მიმართული არ არის. ის ისლამის რადიკალურ გამოვლინებებს აპროტესტებს.

ძმებმა ჟან-პიერ და ლუკ დარდენებმა, ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მათი ახალი ნამუშევარი, ახალგაზრდა აჰმედი წარმოადგინეს. კინოსურათი მათ დანარჩენ სოციალურ ესეებს შორის ყველაზე პირდაპირი და რადიკალურია. დარდენების სტილის ამოცნობა მაყურებელს არ გაუჭირდება, მაგრამ ეს მათი ყველაზე ორაზროვან ფილმად შეიძლება ჩაითვალოს.

რადიკალი მუსლიმი თინეიჯერი (Idir Ben Addi) თავისი მასწავლებლის მოკვლას გეგმავს. მკვლელობის უშედეგო მცდელობის შემდეგ ის ადგილიდან მიიმალება. იმამი, რომელიც მოზარდის ტვინის გამორეცხვაზე მუშაობს, მის უკან არსებული რეალური მოცემულობის დასამალად, მოზარდს თავის ხელით მიიყვანს სამართალდამცავებთან.

ერთ მხარეს გვაქვს ბელგიის გამართული სისტემა, რომელიც დამნაშავე მოზარდის რეაბილიტაციის პროცესზე ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების დახმარებით მუშაობს. მას ფერმაში მუშაობის დღეებსაც გამოუყოფენ, სადაც აჰმედი თანატოლ ლუიზას გაიცნობს.

13 წლის აჰმედზე ზრუნავს სისტემა, ის უყვარს ალკოჰოლდამოკიდებულ დედას, ის მოსწონს ლუიზას, რომელიც ცდილობს ბიჭს ტუჩებში აკოცოს, მაგრამ მოზარდი ამ სამოთხიდან თავის "სამოთხისკენ" მიიწევს - ლოცვის დროს ტერორისტი ნათესავის ფოტოს უყურებს და თავდაჯერებულად ამტკიცებს, რომ ყურანის მიხედვით, ვინც გზად გეღობება, უნდა გაანადგურო.

სოციალური რეალიზმის ოსტატები, დარდენები უშეცდომოდ სრიალებენ ყინულზე. ფილმი სკრუპულოზური სიზუსტით ისეა აწყობილი, რომ ევროპის და დანარჩენი სამყაროს ამ ტრაგედიას საათნახევარში, ერთ ამოსუნთქვაში აქცევს.

ახალგაზრდა აჰმედი უელბეკის მორჩილების მსგავსად, ისლამის რადიკალურ გამოვლინებას აპროტესტებს. შესაძლოა, ფრანგ მწერალთან ეს პროტესტი უხამსი სიტყვებით და პასაჟებით სრულიად შეუნიღბავია, თუმცა, არც ძმებმა დაიხიეს უკან და ახალგაზრდა აჰმედი ამ თემაზე შექმნილ კინოსურათებში ყველაზე ბასრ და პირდაპირ მხილებად აქციეს.

ჟან-პიერ და ლუკ დარდენებს ოქროს პალმის რტოს მესამედ აღებას უწინასწარმეტყველებენ.