შინაგან საქმეთა სამინისტროს მომზადებული კანონპროექტი ცივ იარაღზე რეგულაციების გამკაცრების შესახებ პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით რეგულაციები ორი მიმართულებით ამოქმედდება.

პირველი ლიცენზირებას გულისხმობს, ხოლო მეორე ცივი იარაღის ტარებაზე სანქციების გამკაცრებას.

ლიცენზირებადი საქმიანობა

პროექტის თანახმად, ცივი იარაღით ვაჭრობა, იმპორტი ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება. ლიცენზიას გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. პირს, რომელიც ახორციელებს ცივი იარაღით ვაჭრობას ლიცენზიის ასაღებად ვადა მიეცემა. საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ცივი იარაღის ის სახეობები, რომელთა ვაჭრობასაც ლიცენზია სჭირდება.

კანონპროექტით, ცივი იარაღით ვაჭრობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირი ვალდებულია დაიცვას მთელი რიგი მოთხოვნები, მათ შორის, უზრუნველყოს შეძენილი და რეალიზებული ცივი იარაღის აღრიცხვა, ცივი იარაღის რეალიზაცია განახორციელოს მხოლოდ ნასამართლობის არმქონე სრულწლოვან პირზე, უზრუნველყოს ცივი იარაღის შენახვის უსაფრთხოება და სხვა.

ცივი იარაღის იმპორტის უფლება ენიჭება მხოლოდ ცივი იარაღის ვაჭრობის უფლების მქონე პირს. არაკომერციული მიზნით, როგორებიცაა, სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, გამოფენა/ექსპონირებისთვის, ან პირადი სარგებლობისთვის, ცივი იარაღის საქართველოში შემოტანის ან გატანის წესს დაარეგულირებს საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება.

ლიცენზიის მქონე პირმა სავაჭრო ობიექტში, თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოს არასრულწლოვნისთვის ცივი იარაღის მიყიდვის ამკრძალავი საინფორმაციო ბანერი. ცივი იარაღის რეალიზაცია უნდა განხორციელდეს ნასამართლეობის არმქონე სრულწლოვან პირზე.

ტარების აკრძალვა

კანონის პროექტით მკაცრდება სანქციები ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით, კერძოდ:

  • ქუჩაში;
  • ეზოში;
  • სტადიონზე;
  • სკვერში;
  • პარკში;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • სასამართლოში;
  • აეროპორტში;
  • კინოთეატრში;
  • თეატრში;
  • საკონცერტო დარბაზში;
  • კაფეში;
  • რესტორანში;
  • ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

აკრძალულ ადგილებში ცივი იარაღის ტარების გამო არა 200 ლარის, არამედ 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდებით.

ცალკე შემადგენლობად გამოიყო და უფრო მკაცრი პასუხისმგებლობა დადგინდა სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცივი იარაღის ტარებისთვის, კერძოდ, სანქციად განისაზღვრა 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმა.

ცივი იარაღის ტარებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრება ხდება არა მხოლოდ ფულადი სანქციების გაზრდის კონტექსტში, არამედ პროექტის თანახმად, მისი განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა

მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება აღნიშნული სამართალდარღვევის მესამედ ჩადენის შემთხვევაში. კანონს ემატება ახალი სამართალდარღვევები, რომლის თანახმადაც დასჯადი ხდება სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცივი იარაღის იმპორტი ან ცივი იარაღის იმპორტი სათანადო ლიცენზიის გარეშე, სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცივი იარაღით ვაჭრობა ან შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ცივი იარაღით ვაჭრობა, აგრეთვე, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისთვის ან ნასამართლობის მქონე პირისთვის ცივი იარაღის გადაცემა.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ცივი იარაღის მიყიდვა შესაძლებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საფუძველი გახდეს ცივი იარაღის არასრულწლოვნისთვის მიყიდვის შემთხვევაში.