ვენესუელის პრეზიდენტ, ნიკოლას მადუროს სურს, ეროვნული ასამბლეის ვადამდელი არჩევნები ჩაატაროს. ამჟამად პარლამენტს ოპოზიციური პარტია აკონტროლებს.

მორიგი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 2020 წლის ბოლოს უნდა ჩატარდეს. კონკრეტულად რა დროისთვის სურს მადუროს არჩევნების გადმოტანა უცნობია.

იანვრის ბოლოს ოპოზიციის ლიდერმა და პარლამენტის სპიკერმა, ხუან გუაიდომ კონსტიტუციაზე დაყრდნობით თავი დროებით პრეზიდენტად გამოცხადა. ის მადუროს უზურპატორს უწოდებს და მრავალათასიან აქციებზე მის გადადგომასა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს. გუაიდოს ლეგიტიმურობას აღიარებს ლათინური ამერიკისა და დასავლეთის ქვეყნების დიდი ნაწილი, მათ შორის საქართველო.

ბოლო საპარლამენტო არჩევნები 2015 წელს ჩატარდა და მაშინ უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა. დეპუტატებმა მადუროს იმპიჩმენტის პროცედურა აამოქმედეს, რომელიც შემდგომში შეაჩერეს. 2017 წელს პარლამენტარებმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას უყარა კენჭი, თუმცა გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ გააუქმა.

ოპოზიციური პარლამენტის გამო მადურომ საკუთარი საკანონმდებლო ორგანო ჩამოაყალიბა, რომელიც ამ დრომდე მას უჭერს მხარს. გარდა ამისა, მას მხარს უჭერს საკონსტიტუციო სასამართლო და არმიის დიდი ნაწილი.