შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1991 წელს დაბადებული პირი ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით დააკავეს. მას 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა თბილისში, თაქთაქიშვილის ქუჩასა და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანებიდან პირადი ნივთები, ფული და პლასტიკური ბარათები მოიპარა, რის შემდეგაც მიიმალა. უწყების მტკიცებით, ბრალდებულმა ავტომანქანებიდან მოპარულ საბანკო ბარათებზე არსებული თანხა გაანაღდა.

"პოლიციამ, დაკავებულის პირადი და კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო", — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის საქმეზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 284-ე მუხლით.