საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯეორჯია მატჩების გარიგების ბრალდებით 5 ფეხბურთელის დაკავებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მსგავს ფაქტებს ემიჯება. კლუბში ამბობენ, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებენ გამოძიებასთან და ფეხბურთის ფედერაციასთან.

კლუბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ კრიზისის გადატანა რთულია, მაგრამ ბრძოლას გააგრძელებენ. მათი თქმით, არ მისცემენ საშუალებას "ბნელ ძალებს" ქართულ ფეხბურთში დამკვიდრდნენ.

"22 წელია, რაც ქართულ ფეხბურთში ვართ. არ არის მოკლე დრო. მწარე წაგებებიც გვახსოვს, ტკივილიც, იმედგაცრუებაც, მაგრამ ასეთი დიდი დარტყმა არასდროს მიგვიღია, დარტყმა, რომელიც ლახავს ჩვენი კლუბის ღირსებას და აზიანებს მთლიანად ქართული ფეხბურთის სახელს", — წერია განცხადებაში.

ვიტ ჯორჯია ბოდიშს უხდის გულშემატკივარს, ფეხბურთის მესვეურებსა და საზოგადოებას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგამოძიებო სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის საქმეზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა. უწყების ინფორმაციით დაკავებულები არიან: ორგანიზატორი ყოფილი ფეხბურთელები ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ., საფეხბურთო კლუბ ჭიათურას ფეხბურთელი ირაკლი ხ, ლანჩხუთის გურიას ფეხბურთელები რობერტ ი. და ირაკლი ბ., ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელები ჯონი შ, გიორგი გ, ნიკოლოზ მ, პაატა ღ. და ნოდარ კ.

გამოძიების მტკიცებით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. ჰანდიკაპით — ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

გარდა ამისა, უწყებაში ამბობენ, რომ ამავე წლის 19 მაისს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ვიტ ჯორჯიასმოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ ბათუმის დინამოსთან შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს.

სუს-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა — 93 500 ლარი.