პოლიტიკური პარტია გირჩის მთწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ჰერმან საბო აცხადებს, რომ მეორე ტურში მხარს არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს და არც ამომრჩეველს მოუწოდებს. მისი თქმით, თავად არ მოეწონებოდა მსგავსი მოწოდება.

"რასაც ჩემს თავზე არ მივიღებდი ის სხვა ადამიანებს რატომ უნდა გავუკეთო, ვერ ვხვდები. ამიტომ, არანაირ მოწოდებას არ ვაპირებ. არ მგონია, რომ მეორე ტურში გასული რომელიმე კანდიდატის პარლამენტში შესვლით ან მოგებით რაიმე განსაკუთრებული წყდებოდეს", — განაცხადა საბომ მაესტროს ეთერში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გირჩი არევნების მეორე ტურში გასული კანდიდატების მხარდაჭერაზე უარს ამბობს. იგივე პოზიცია დააფიქსირა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მთაწმინდაზე მეორე ტური უნდა გაიმართოს. ვერცერთმა კანდიდატმა გადალახა 50-პროცენტიანი ზღვარი. ქართული ოცნების კანდიდატმა, ვლადიმერ კახაძემ ხმების 41 პროცენტი (6 036 ხმა) მიიღო, მისმა კონკურენტმა თავისუფალი დემოკრატებისა და ევროპული საქართველოს საერთო კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ — 36,83% (5 422 ხმა). თავად ჰერმან საბომ 4,76% (701 ხმა) მიიღო.