27 ივლისს ბათუმში პუტინის მხარდამჭერი ჯგუფის, A-Studio-ს კონცერტი იგეგმება. კონცერტი კლუბ UP2U-ში გაიმართება და მისი ორგანიზატორი ივენთკომპანია კლიკია.

ფოტო: UP2U Batumi / Facebook

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ქეთა თოფურია, რომელიც ჯგუფის სოლისტია, პუტინის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერია. 2010 წელს საბჭოთა კავშირისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ის სცენაზე სამხედრო ფორმით წარსდგა და სიმღერა "ჩვენ გვჭირდება ერთი გამარჯვება" შეასრულა. 2013 წელს, 12 ივნისს რუსეთის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე თოფურიამ წითელ მოედანზე, რუსეთის დროშის ფერებში გაფორმებული კაბით იმღერა.

2018 წლის 5 მარტს მომღერალმა თქვა, რომ "რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინი რომ არ აირჩიონ, 2008 წელი სიზმარი იქნება". 2018 წლის 17 მარტს კი მან გრიგორი ლეპსთან და რუსული ესტრადის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ვლადიმერ პუტინის წინასაარჩევნო მხარდასაჭერ კლიპში იმღერა.