თუ არ გინდა მეფის სავანის ბედი გაიზიარო და სპოილერების ცეცხლში დაიწვა, სდექ!

ფოტო: HBO

ეპოქა დასრულდა! HBO-ს ეთერში უკანასკნელად გავიდა Game Of Thrones-ის ბოლო სერია, რომელიც ფანებმა ცრემლებით, აღფრთოვანებითა და კრიტიკით გააცილეს. ფინალურ სერიაში ბევრი სიმბოლური დეტალი იყო. ასევე, იყო ბევრი გაუთვალისწინებელი ფაქტორიც. მაგრამ, ყველასთვის ერთნაირად მოულოდნელი იყო დასასრული.

ქარიშხალთშობილმა ტარგარიენმა ბრძოლა მოიგო სისხლის და ცრემლის ფასად. დაიპყრო შვიდი სამეფო, მაგრამ ერთხელაც კი ვერ დაჯდა რკინის ტახტზე, რომლისთვისაც ამდენი იბრძოლა. ის საყვარელი კაცის მსხვერპლი გახდა.

ფანების არმია ვერც ჯონს, ვერც HBO-ს და პროდიუსერებს პატიობს დეინერისის სიკვდილს. საყვარელ პერსონაჟთან გამომშვიდობება ყოველთვის რთულია, მაგრამ არამხოლოდ მათთვის.

ემილია კლარკმა, საგის ავტორზე და სერიალების შემქმნელებზე არანაკლებ დიდი წვლილი შეიტანა პერსონაჟის ჩამოყალიბებაში. შესაბამისად, მისთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა დეინერისთან დამშვიდობება.

მსახიობმა ინსტაგრამზე პოსტი დაწერა, სადაც ისაუბრა იმაზე რა გზა გავლო მან დეინერისის პერსონაჟის შესაქმნელად.

"დრაკონების დედის ისტორიამ მთელი ჩემი ზრდასრული ცხოვრება წაიღო. ამ ქალმა გული წამართვა. მე დავდნი დრაკონის ცეცხლის ალში, ბევრი ვიტირე ოჯახის წევრბზე, რომლებმაც ადრე დაგვტოვეს და ტვინი ამიდუღდა იმის მცდელობაში, რომ ვყოფილიყავი კჰალისი და წარმომეთქვა ის მისტიური სიტყვები", — წერს მსახიობი.

კლარკმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფანებს იმისთვის, რომ დეტალურად აკვირდებოდნენ მათი მუშაობის პროცესს.

"თქვენს გარეშე ჩვენ არ ვარსებობთ. ახლა კი ჩვენი დრო დასრულდა", — დაწერა მან.