სიცოცხლის ხის შემდეგ ტერენს მალიკი კანის კინოფესტივალზე დამალული ცხოვრებით ბრუნდება და დიდი ალბათობით, პალმის რტოს პრეტენდენტთა მოკლე ნუსხაში მყარად პოზიციონირებს.

ფილმის დასაწყისში გვამცნობენ, რომ კინოსცენარი რეალურ ფაქტებზეა აგებული. ერთგვარ ინტროში რეჟისორი მეორე მსოფლიო ომის ქრონიკასაც ციტირებს.

პასტორალი: მაღალმთიან მწვანეში ჩაფლული ავსტრიული ალპების სოფელი, ძველი ხის სახლები, წისქვილი, ეკლესია, შინაური ცხოველი. ეკრანზე გაჭიმულ ამ ფერწერულ ტილოზე ლამაზი წყვილი სამ თეთრთმიანი შვილთან ერთად მინდვრებში დარბის. ეს სამოთხის დღეებია. შემდეგ ყველაფერი იცვლება.

ავსტრიელ ფრანც იეგერსტატერს (ოგუსტ დიელი) ავსტრიელები არმიაში იხმობენ, თუმცა ის გაწვევას არ თანხმდება. შემდეგ შტაბში მისული, სხვებთან ერთად მწყობში ჩამდგარი ბოროტებისთვის ერთგულებას არ ადასტურებს. ომის კანონის მიხედვით, მას აპატიმრებენ. სოფელში რჩებიან ცოლი - ბუნებასთან შერწყმული სილამაზის მქონე ფრანჩესკა (ვალერი პახნერი) და შვილები.

ციხეში ყოფნისას კომენდანტი მას ჯარისკაცის ფორმის ჩაცმას ურჩევს, არადა, ფრანჩესკას უსიტყვოდ ესმის ფრანცის და მისი გადაწყვეტილების. დეზერტირი ქმრის გამო სოფელში ათვალწუნებული ფრანჩესკა ყანასა თუ სახლში მძიმე სამუშაოს აგრძელებს და ქმარს ელოდება.

რეჟისორს დეზერტირის დაცულ ტერიტორიაზე შევყავართ. მის გასაიდუმლოებულ ცხოვრებაში უნდა მოვძებნოთ მნიშვნელოვანი დეტალები. თითქოს ძებნაც არაა საჭირო, ყველაფერი ზედაპირზეა, ავთენტური, სადა და მტკიცედ დამაჯერებელი.

მალიკმა საინტერესო და ძვირფასი ფაქტურა შეარჩია. ამ ქსოვილს მაყურებელი საკუთარ სხეულზე გრძნობს. ეს უპირობოდ მოქმედებს. ზუსტი ინტონაცია, რომლითაც პერსონაჟები ცოტას საუბრობენ და ერთმანეთთან მიწერილ წერილებს ხმამაღლა კითხულობენ. ალბათ, ამიტომაც, დეზერტირის დამალული ცხოვრების ამბავს ლოცვაც კი უწოდეს.

ფილმში მრავალენოვანი ევროპის ამბის შესახებ, ციხის ერთ-ერთ მონაკვეთში რეპლიკად ქართული სიტყვები ისმის. მსახიობი ლევან ხურცია ეპიზოდურად გაიელვებს (ასევე ეპიზოდში ჩნდება მსახიობი ანდრო სარიშვილი). პალმის რტოს მფლობელ სიცოცხლის ხეში ქართველ კომპოზიტორთან თანამშრომლობის შემდეგ (სიცოცხლის ხეში გამოყენებულია გია ყანჩელის სიმფონიები), ტერენს მალიკს საქართველო მეორე მსოფლიო ომის შესახებ კვლევისას ხვდება.

დეზერტირი დიდი და საშიში სამყაროს წინაშე ცოლთან ერთად მარტო დგას და იქნებ, ამ სამყაროსთან არაფერი გვაქვს საერთო? იქნებ ლექსივით ლამაზ ცოლთან და სამ შვილთან ერთად მზის ჩასვლების ყურებისთვის დავიბადეთ? იქნებ ამის გამო ადვილია სხვა დანარჩენის ღალატი? მათ შორის, სამშობლოს ღალატი. უფრო ზუსტად კი, ბოროტების მსახურება სამშობლოს სახელით.

ამიტომაც იყო, არის და ყოველთვის იქნება ფრანცი და ფრანჩესკა.