ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ზესტაფონის მერობის არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატმა, გიორგი გოგლიჩიძემ (50,75%) გაიმარჯვა, რომელიც ეტლით მოსარგებლეა. მერს არაადაპტირებული მერია და საკრებულო ხვდება.

როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობასთან სამსახურში On.ge-ს უთხრეს, ადაპტირებულია სამსართულიანი შენობის მხოლოდ პირველი სართული. მერი დამოუკიდებლად გადაადგილებას მხოლოდ პირველ სართულზე შეძლებს.

მათივე ცნობით, შენობაში ამ ეტაპზე არ არის ლიფტი. მერიაში აზუსტებენ, რომ დახმარების შემთხვევაში, გიორგი გოგლიჩიძე ორივე სართულზე ასვლასა და საკრებულოს სხდომებზე დასწრებას შეძლებს. საკრებულო შენობის მესამე სართულზე მდებარეობს.

მოგვიანებით, On.ge-ს მერიიდან დაუკავშირდნენ. მათი თქმით, ცესკოს შედეგების გამოქვეყნებისთანავე დაიწყება შენობაში ლიფტის მონტაჟი. ლიფტისთვის ფული კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

უწყებაში დააზუსტეს, რომ ადაპტირება ისედაც იგეგმებოდა და ცესკოს შედეგებს კავშირი არ აქვს. მერიაში განმარტეს, რომ მათი მიზანია, შშმ პირებისთვის მთელი შენობა ადაპტირებული იყოს, რათა ნებისმიერმა ადამიანმა შეძლოს გადაადგილება.