ქართული ოცნების პოლიტიკურმა მდივანმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის მიმართ სექსისტური განცხადება გაავრცელა. ღარიბაშვილი რულოვსს ურჩევს, რომ დაისვენოს და ქმარს მიხედოს.

"მე მინდა ერთი რჩევა მივცე ქალბატონ სანდრას, რომელიც ჩვენი კანდიდატის ოპონენტი იყო: დაისვენეთ, მე მას ვურჩევდი, რომ მიხედოს თავის მეუღლეს და ჩვენ მივხედავთ ქვეყანას", — ამის შესახებ ღარიბაშვილმა გადაცემა იმედი LIVE-ში ისაუბრა.

გარდა ამისა, ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ამ ბრძოლაში თავისი ცოლი გამოუშვა, რითაც "ყველაფერი ნათქვამია".

"ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი გამოიტანს შემდეგ დასკვნას, რომ ეს ადამიანი ისე როგორც იქცეოდა 2008 წლის ომში, როდესაც მან მთელი ქვეყნის სირცხვილი აჩვენა მთელ მსოფლიოს, როგორც მხდალმა პოლიტიკოსმა, მან იგივე გაიმეორა ამ შემთხვევაშიც. წარმოიდგინეთ, არჩევნებში გამოუშვა თავისი მეუღლე, წარმოიდგინეთ, და ახლა უფრო უარესიც: ყველამ ვნახეთ, რომ ის მთელ მსოფლიოში მოგზაურობს, გადაადგილდება, საკმაოდ ფუფუნებაში ცხოვრობს და ამავდროულად თავის ამომრჩევლებს მოუწოდებს, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩათ, რომ წავიდნენ გარკვეულ დესტრუქციასა და დაძაბვაზე".

19 მაისს ზუგდიდში მერობის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა. ცესკოს განცხადებით, პირველივე ტურში ქართული ოცნების კანდიდატმა, გეგა შენგელიამ გაიმარჯვა. ხმების ასივე პროცენტის დათვლის შემდეგ, შენგელიამ მიიღო ხმების 54,18 პროცენტი, ხოლო სანდრა რულოვსმა — 42,84 პროცენტი.