ქართულ ოცნებაშიც და გაერთიანებულ ოპოზიციაშიც ამტკიცებენ, რომ ზუგდიდის არჩევნებს იგებენ. თუმცა, მოსახლეობას ზუგდიდში მხოლოდ ერთი მერის არჩევა შეუძლია.

ქართული ოცნების ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მაღალი აქტივობების პირობებში, მმართველი გუნდის კანდიდატი, გეგა შენგელია არჩევნებში ლიდერობს.

"ჩვენ უკვე დამაჯერებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ ტურშივე დასრულდება ეს არჩევნები და გეგა შენგელია გახდება ზუგდიდის მომავალი მერი", — თქვა ჩიქოვანმა.

რაც შეეხება ოპოზიციის კანდიდატს, სანდრა რულოვსს, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ რულოვსი არჩევნებში დამაჯერებლად იმარჯვებს.

"ხალხის განწყობა აჩვენებს, რომ ჩვენ დამაჯერებლად ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში და ამის დასტურია პანიკაში მყოფი ოცნება, მისი პოლიტიკური პოლიცია, სუსი და ზონდერები", — განაცხადა ვაშაძემ.