საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში მიმდინარე შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ფეისბუქზე Live ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც მოსახლეობას მოუწოდებს, არჩევნების გაყალბება არ დაუშვას.

ის ადანაშაულებს ქართული ოცნების დამფუძნებელსა და ბიზნესმენს, ბიძინა ივანიშვილს, არჩევნების "წართმევაში" და დასძენს, რომ არჩევნების მოპარვა არის ქურდობის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ფორმა:

"ყოველ ჯერზე გვართმევენ არჩევნებს, ყოველ ჯერზე ივანიშვილი მიმართავს ვირეშმაკობას. სიგარეტის კოლოფებში არიგებენ ფულს, გადმოწერილი ჰყავთ სიებში ხალხი და მაინც მასობრივად მოდის ხალხი ყველგან და მაინც ცუდად არის ქოცების საქმე".

სააკაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ ყველაფერი იმის საწინააღმდეგო გააკეთონ, რასაც ბიძინა ივანიშვილი ეუბნება:

"გახსოვთ როგორ გვაკომპლექსებდნენ ნოემბრის არჩევნებზე ორი რაღაცით? ქუჩაში არ გამოხვიდეთ და სააკაშვილი არ ჩამოიყვანოთ. [და ვპასუხობდით, რომ] ქუჩაში არ გამოვალთ და სააკაშვილი არ ჩამოვიდოდა. ახლა ყველაფერი იმის საწინააღმდეგოდ უნდა გავაკეთოთ, რასაც ივანიშვილი გვაბოლებს ტელევიზიიდან".

სააკაშვილი, სავარაუდოდ, თალაკვაძის გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერს ეხმაურება და ამბობს, რომ მის მხარდამჭერებთან ერთად გეგმა აქვს:

"ჩანაწერი გამოუგდეს და იძახიან, ამას აპირებენ, იმას აპირებენ. დიახ, ვაპირებთ. ვაპირებთ, რომ ივანიშვილს ბოლომდე შევუსრულოთ. ჩანაწერის გარეშე გეუბნებით პირდაპირ. "ვათანძარო ოჩო კოჩი" [გარეწარი ტყის კაცი] ბოლომდე შეგისრულოთ. ვაპირებთ ამას და არავითარი კომპლექსი არ გვჭირდება".

ექსპრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ ძალადობაზე პასუხის გაცემას მისი მხარდამჭერები აპირებენ. უცნობია, ზუსტად რას გულისხმობს ის, თუმცა, დასძენს, რომ კანონის დარღვევა არავის ეპატიება:

"გადმოვლენ ცემა-ტყეპაზე? ისეთ პასუხს მიიღებენ, რომ ცოტა არ მოეჩვენებათ. არავის არ მოეწონება ეს. მოვუწოდებ ყველას, ნუ შეასრულებენ ივანიშვილის უკანონო მითითებებს. ის მალე აღარ იქნება ქართული საზოგადოების წევრი, მაგრამ ჩვენ არ უნდა გვრცხვენოდეს ერთმანეთისთვის თვალებში შეხედვა. თუმცა, თუ რაღაც საოცრებებზე წახვალთ, მერე უკვე არსებობს კანონი და წესები. კამერები დგას ყველგან".

დღეს, 19 მაისს, საქართველოში მერობის, შუალედური და რიგგარეშე არჩევნები იმართება. ზუგდიდში, მერობის კანდიდატურაზე გაერთიანებულ ოპოზიციის სახელით ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი იბრძვის.