ნინია ცისკარიშვილი, რომლის ხმაც სავარაუდოდ აუდიოჩანაწერში ისმის, აცხადებს, რომ არ ყოფილა არანაირ თათბირზე და არც სალომე ჭელიძეს იცნოს სათანადოდ რომ მასთან ესაუბრა.

ცისკარიშვილი ენმ-ის მხარდამჭერი და ნიუპოსტის ჟურნალისტია. ის აცხადებს რომ წლებია არჩევნებს აშუქებს და ეს ხელს არ უშლის იმაშიც რომ ამავე დროს პარტიის მხარდამჭერიც იყოს:

"სალომე ჭელიძეს კარგად არ ვიცნობ და ლოგიკურია, ამ თემაზე ვერ ვისაუბრებდი. რამდნეიმე დღეა ვიმყოფები ზუგდიდში და ვაკვირდები საარჩევნო უბნებს. ყელში ვყავარ გაჩხერილი ხელისუფლებას, იმიტომ რომ ისინი აპირებენ სავარაუდოდ ამ არჩევნების გაყალბებას. ბატონ თალაკვაძეს მივმართავ, დაწყნარდეს და ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოს".

დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო უბნებზე არსებული დაპირისპირებები ნაციონალური მოძრაობის გამოწვეულია, რაც მისი მოსაზრებით იმითაა განპირობებული, რომ ოპოზიციურმა პარტიას არჩევნებში გამარჯვების მოლოდინი არ აქვს.

თალაკვაძემ ფარული აუდიო ჩანაწერი გაავრცელა და მასზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა არეულობასა და დესტაბილიზაციას გეგმავს:

"დამკვირვებლების საფარქვეშ ჩამოყვანილი აგრესორები მათ სწორედ არეულობის შესაქმნელად სჭირდებათ".

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ამის მიუხედავად, ნაციონალური მოძრაობის შტაბშიც არიან ადამიანები, რომლებისთვისაც დაპირისპირების ეს ფორმა მიუღებელია. თალაკვაძემ ჩანაწერი გაავრცელა და დასძინა, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობის შტაბის წევრებმა მათ მიაწოდეს ინფორმაცია სავარაუდოდ დაგეგმილი არეულობის შესახებ.

თალაკვაძის თქმით, ჩანაწერში, სავარაუდოდ, რულოვსისას და სააკაშვილის გარემოცვის წევრების, ნინია ცისკარიშვილისა და სალომე ჭელიძის საუბარი ისმის:

"ისინი საუბრობენ თუ როგორ უნდა აადუღონ ზუგდიდი და აჭარა, მიუხედავად იმისა მოიგებენ თუ წააგებენ არჩევნებს. ბუნებრივია ეს აუდიო ჩანაწერი ჩვენ უკვე გადავეცით შესაბამის ორგანოებს და ვითხოვეთ შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყება".

თალაკვაძეს გამოეხმაურა პარლამენტის დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან, თინა ბოკუჩავა, და განაცხადა, რომ ის ორი პირი რომელიც დასახელებული იყო აუდიოჩანაწერში, არ არიან გაერთ ოპოზიციის შტაბის წევრები.