გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის, ზაალ უდუმაშვილის ინფორმაციით, ზუგდიდში, მეცხრე საარჩევნო უბანთან ქართული ოცნების წარმომადგენლები ხმის მიცემის შემდეგ ამომრჩევლებს ფულს უხდიან. უდუმაშვილის მტკიცებით, ვიდეოში, რომელსაც ის რუსთავი 2-თან ასაჯაროებს ეს ფაქტია ასახული.

ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო უბანთან დილის ექვსი საათიდან დგას მანქანა, რომელშიც ხმის მიცემის შემდეგ მოაქალაქეებს ფულს უხდიან, ადგილზეა პოლიციაც.

"ზუსტად სამ მეტრში 10 პოლიციელი დგას, რომლებიც დგანან უბრალოდ და უყურებენ ამ ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა წარმომადგენლებმა ხმაური ატეხეს, როგორც მე ვიცი, ჩვენმა წარმომადგენლებმა დარეკეს კიდეც 112-ში რომ დახმარებოდნენ, მაგრამ არაფერი. საოლქო ადმინისტრაციას საერთოდ ნოლი რეაგირება ამ ყველაფერზე, ასე მიმდინარეობს ქალაქში და სოფლებში ფულის დარიგება", — აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა

მსგავსი ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა ზაალ უდუმაშვილმა სოფელ რუხის #100-ე საარჩევნო უბნიდანაც წარმოადგინა.