პედრო ალმოდოვარის ფილმოგრაფიამ მილიონობით ადამიანს მიუთითა, რომ სამყარო ჭრელი, ეკლექტური და ლამაზია. შესაძლოა, ჩვენ არ ვგავართ მის გმირებს და არც მათი ცხოვრებაა ჩვენის მსგავსი. არ გვაცვია მათსავით და არც ასეთი მხურვალე სიყვარული შეგვიძლია. მაგრამ ჩვენ მათ ვგულშემატკივრობთ, გვიყვარს და სულ გვახსოვს. გვახსოვს მთავარი - ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ.

ტკივილი და დიდება ასაკში მყოფი გეი კინორეჟისორის, სალვადრო მალოს თავგადასავალია. ბავშვობის მოგონებები, მშობლებთან ერთად (დედის როლში პენელოპა კრუზია) ვალენსიაში ემიგრაცია 60-იან წლებში, სადაც სალვადორს არ უნდა, სასულიერო სასწავლებელში მიაბარონ, რადგან მხოლოდ რომანების კითხვისკენ მიუწევს გული. შემდეგ 80-იანი წლების მადრიდში მოზარდი სალვადორის პირველი სიყვარული, დაშორება და წერა, როგორც თერაპი და ბოლოს, კინოს შეფარებული სალვადორი.

ეს ანტონიო ბანდერასის საუკეთესო კინოროლია, რომლის შესაქმელადაც, როგორც თავად ამბობს, რთულ მოცემულობაში აღმოჩნდა. “უნდა განესახიერებინა პედრო, პედროს იმიტირების გარეშე. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო”. ამიტომ, ანტონიო ალმოდოვართან ჯარისკაცივით მივიდა, მოიხსნა ყველა მედალი, ყველაფერი ჩამოიშორა, დაშორდა თავისთვის კომფორტულ ზონას და სრულიად "შიშველი" ჩაბარდა რეჟისორს, რათა მანერულობისგან დაეცვა თავი.

ფოტო: null

69 წლის ესპანელი რეჟისორის საკონკურსო ფილმი მისი ყველაზე ლირიკული შედევრია. ფილმში არაა ტრადიციული ლაბირინთები, ფაბულა ბავშვობაში დაწერილი ლექსივით მარტივი და ჰაიკუსავით მრავლისმთქმელია.

ფილმში ციტატებია რეალური ბავშვობიდან, მდინარის პირას სარეცხის რეცხვა და წყალში ყვინთვა. თვითონ კინოსურათიც წყალზე ტივტივს ჰგავს. გრაფიკულად სრულყოფილი და მუსიკალურად დახვეწილი, ალმოდოვარის პოეტური სამყარო თანამედროვე კინოს ნასაყუდელია. როგორ მოგზაურობაშიც არ უნდა მიდიოდე, ბოლოს მაინც აქ ბრუნდები.

ბანდერასი ინტერვიუში წერდა: რაღაც ეპიზოდებში ვამბობთ "ვერ იქნები პოეტი შენ საკუთარ ქვეყანაში", მაგრამ ამ ფილმით პედრო ალმოდოვარის სრული აღიარება მოხდა.

ესპანეთში, სადაც კინოში დრამის საყურებლად არ დადის მაყურებელი, ტკივილს და დიდებას პედროს საუკეთესო ნამუშევარი უწოდეს. ფილმი ერთნაირად მოეწონათ და შედარებით კონსერვატიულ უფროსებსაც.

"25 წლის ვიყავი, როდესაც სურვილის კანონზე ვმუშაობდით, ჩემი მშობლები ძალიან რელიგიურები იყვნენ. მახსოვს, მაშინ ვფიქრობდი, როგორ შეხედავდნენ სცენას, სადაც მე მამაკაცს ვკოცნი. შემდეგ Sequence NO2-ში, ვიღაცას ვკლავ - სახეში ვურტყამ და სიკვდილამდე მიმყავს. ეს მაყურებლისთვის უფრო მისაღებია. არავინ საუბრობს მორალზე მკვლელობისას, მაგრამ როდესაც მამაკაცი მამაკაცს, ან ქალი ქალს კოცნის, ეს დაუშვებელია", - წერს ბანდერასი, რომელიც დიდი ეკრანის უფლებების დამცველია. ბანდერასი ვერ ხვდება, მისი ქალიშვილი რატომ უყურებს ფილმებს ტელეფონში... როგორ შეიძლება კარგი შერულება აღიქვა, თუ მსახიობის თვალებს ვერ ხედავ?

"მამა, მე ამბავს მივყვები", - მპასუხობს ის.

“კინო დიდ ეკრანზე უნდა უჩვენონ. რადგან ფილმები იქმნება იმისთვის, რომ ეკრანზე ნახონ ერთმანეთისთვის უცხო ადამიანებმა, სიბნელეში. ესაა ამ ყველაფრის მაგია", - ამბობს ადამიანი, რომელმაც შეძლო პოეტის ტკივილი, რომელსაც ის განიცდის, მსოფლიო პრობლემის სიმაღლეზე აეტანა.