ტიმ ბარტონი თანამედროვე კინოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეჟისორია - დიდწილად იმიტომ, რომ მისი ყველა ფილმი სწორედ ტიმ ბარტონისეული ხედვით გამოირჩევა. მართლაც, რთულია, იპოვო სხვა ისეთი რეჟისორი, რომლის ვიზუალური ესთეტიკა ასე უნივერსალურად და დაუყოვნებლივ იცნობა. მისი ახალი ნამუშევარი, დამბო, გარკვეულწილად დაშორებულია რეჟისორის წინა ნაშრომებს - ეს ორიგინალი ფილმის გადაკეთებული ვერსიაა, რომელშიც წინამორბედის ფრთხილი კრიტიკა შეიმჩნევა. ამის მიუხედავად, ფილმს მაინც მარტივად შეგვიძლია ვუწოდოთ ბარტონისეული.

მაგრამ მაინც რას ნიშნავს ბარტონისეულობა? შეიძლება, რომ ბარტონის ფილმები შემადგენელ ინგრედიენტებად დავშალოთ და მათი ანატომია შევისწავლოთ? როგორ განავითარა ბარტონმა ასეთი გამორჩეული ვიზუალური სტილი, რომელიც დღემდე წარუშლელ გავლენას ახდენს მაყურებელზე?

ჯონი დეპი ტიმ ბარტონის 1999 წლის ფილმში, მთვლემარე ხეობა.

ფოტო: Paramount Pictures / IMDB

პასუხი ამ შეკითხვებზე ბევრად უფრო კონკრეტულია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ბარტონის კარიერა უოლტ დისნეის სტუდიაში დაიწყო, სადაც ის ანიმატორად მუშაობდა და თავის უნიკალურად ახირებულ ხედვას ხვეწდა. მანამდე კი ის პოპ-არტის სხვადასხვა სტილისა და კინემატოგრაფიული ჟანრის გარემოცვაში იზრდებოდა. სწორედ ამ გავლენათა შედეგად იქცა იგი ერთგვარ გაუცხოებულ, გოთიკურ გმირად, რაც მის დღევანდელ ნაშრომებშიც იგრძნობა.

ბარტონი საკუთარ თავს უხასიათო მეამბოხეებთან აიგივებდა და მხატვრული სტილიც შესაბამისად შეიმუშავა

ბარტონი 1958 წელს, კალიფორნიის ქალაქ ბერბანკში დაიბადა. მას გარემომცველ რეალობასთან თავიდანვე წინააღმდეგობრივი ურთიერთობა გამოუმუშავდა. ბერბანკი მზიანი და საამო იყო, ბარტონი - პირქუში, ბნელი და სიკვდილთან დაკავშირებული თემებით დაინტერესებული. როდესაც სხვა ბავშვები ბურთით თამაშობდნენ ან ველოსიპედებით დაჰქროდნენ, იგი დროს სასაფლაოებსა და ცვილის მუზეუმებში ატარებდა. ბარტონს თავიდანვე შეუყვარდა Hammer-ის კინო-სტუდიის მიერ გადაღებული საშინელებათა და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის, დაბალბიუჯეტიანი ფილმები. მან სწორედ მათში ასახული მგრძნობელობა გადმოიტანა საკუთარ ხელოვნებაში. ის გაზვიადებული კარიკატურებისა და პოპ-არტის სხვადასხვა ფორმის - რეკლამების, საბავშვო გაფორმებების თუ კომიქსების - მიერ შთაგონებული ილუსტრაციების შექმნამ გაიტაცა.

"აი, საიდან დაიწყო ყველაფერი. ტიმ ბარტონი დედამისის მიერ შეკერილ საჰელოუინე კოსტუმში"

თხუთმეტი წლის ასაკისთვის იგი უკვე იგებდა ადგილობრივ ხელოვნების კონკურსებს, საკუთარ სამეზობლოში 8მმ-იანი კამერით იღებდა საშიშ ფილმებს და ქმნიდა საკუთარ საბავშვო ილუსტრირებულ წიგნს, რომლის გამოქვეყნებაზეც დისნეიმ უარი კი განუცხადა, მაგრამ გამამხნევებელი წერილის მიწერას არ დაზარდა. წერილში ვკითხულობთ, რომ "მხატვრობა ძალიან კარგია. პერსონაჟები მომხიბვლელები და შემოქმედებითები არიან და მათდამი ინტერესის შესანარჩუნებლად საკმარისი მრავალფეროვნებით გამოირჩევიან". სწორედ ეს წერილი იქცა მიკი მაუსის ლოგოიან კომპანიასთან გრძელი და შიგადაშიგ კონფლიქტით სავსე ურთიერთობის დასაწყისად.

სკოლის დამთავრების შემდეგ ბარტონი პრესტიჟულ კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტში, CalArts-ში ჩაირიცხა, რომლის 1961 წელს დაარსებაც, ნაწილობრივ, უოლტ დისნეის უკანასკნელი გრანდიოზული ხედვის შედეგად გახდა შესაძლებელი. დისნეი 1966 წელს გარდაიცვალა, თუმცა მისი ძმა და დისშვილი ინსტიტუტის დამფუძნებელი საბჭოს წევრებად დარჩნენ. დისნეის ეს ინსტიტუტი ანიმატორების ახალი თაობის შემქმნელ კერად წარმოედგინა, თუმცა პერსონაჟთა ანიმაციის პროგრამაზე მიღება 1975 წლამდე არ გამოცხადებულა.

ერთი წლის შემდეგ კი, 1976-ში, ბარტონი ანიმაციის ამ ახალ პროგრამას შეურთდა და CalArts-ის ახლა უკვე ლეგენდარული ანიმატორების ეპოქის ნაწილი გახდა. ხელოვანთა ამ თაობამ მომავალი ოთხი ათწლეულის განმავლობაში ანიმაციაზე უმნიშვნელოვანესი გავლენა მოახდინა. მათ რიგებში იყვნენ დისნეის ცნობილი ანიმატორი, გლენ კიანი; The Nightmare Before Christmas -ის რეჟისორი, ჰენრი სელიკი; Brave-ის რეჟისორი, ბრენდა ჩაპმანი და Lion King-ის რეჟისორი, რობ მინკოფი. ბარტონმა ისინი 2014 წელს ჟურნალ Vanity Fair-თან ინტერვიუში სიტყვებით, განდევნილთა გროვა, მოიხსენია. ეს იმ ხელოვანთა ჯგუფი იყო, რომლებსაც ნერდული ცნობისმოყვარეობა და არტისტული ექსპერიმენტაციის სიყვარული აერთიანებდათ.

Vanity Fair-ის მიერ CalArts-ის შესახებ დამზადებული სტატია გადარეული წვეულებების, ბნელი იუმორის და იმპროვიზირებული არტისტული წარმოდგენების ნაზავს გვიხატავს. ეს ყველაფერი ბარტონმა, საბოლოოდ, თავის პირად იმიჯში გააერთიანა. "ერთ წელს [ჰელოუინისთვის] ძალიან მძიმე მაკიაჟი გავიკეთე და როდესაც გავიღვიძე, სახე იატაკზე მქონდა მიწებებული", - იხსენებს ის, - "ეს გულისამრევი კი იყო, მაგრამ, ამასთან, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოგონებაა". ეს ამბავი CalArt-ის ანიმაციის დეპარტამენტის ეპოქას და თვითონ ბარტონის ხასიათსაც ზედმიწევნით ხატავს.

ბარტონი პეიზაჟებს ხშირად კარიკატურული, გეომეტრიული ფონებით და ფორმებით ასახავს, რათა ლანდშაფტის მნიშვნელოვანი თავისებურებები და გარემო გამოკვეთოს.

ფოტო: Burton & Heinrichs Productions

ბარტონის ადრეული კარიერა დისნეიში კი რთული იყო, მაგრამ მისი მომდევნო შემოქმედების საფუძველი გახდა

CalArts-ში ბარტონმა რამდენიმე მოკლემერტაჟიანი ანიმაციური ფილმი შექმნა და, როგორც განსაკუთრებულად გაზვიადებული ნაკვთების მქონე პერსონაჟების ილუსტრატორმა, თავისი არტისტული ხელწერაც შეიმუშავა. ერთ-ერთმა ნაწილობრივად მუნჯმა ანიმაციამ, სახელად Stalk of the Celery Monster, კიდევ ერთხელ მიიქცია დისნეის სტუდიის ყურადღება. იგი სტუდიაში 1980 წელს, CalArts-ში სწავლის დასრულების შემდეგ, ანიმატორთა შეგირდად მიიღეს და, ძირითადად, კონცეპტუალური არტისა და მხატრვული ფილმებისთვის მოდელების შექმნა დაავალეს.

ბარტონისთვის ნიშნეული უცნაურობები CalArts-ში იმ პერიოდში გაბატონებულმა სულისკვეთებამაც წაახალისა. მიუხედავად ამისა, დისნეიში, სადაც მან ოთხი წლის მანძილზე იმუშავა, მომავალი რეჟისორის მეამბოხე სტილი ხშირად მისივე გარიყულობის საბაბი ხდებოდა. იგი დიდწილად ისეთი კონცეპტუალური ფილების წარმოებაში იყო ჩართული, როგორებიც 1981 წლის The Fox and the Hound და 1983 წლის The Black Cauldron გახლდათ. მის მიერ შესრულებული არტი სტუდიამ ანიმაციათა საბოლოო ვერსიებში არ გამოიყენა. "დისნეის მხატვრული სტილის გაყალებაბაც კი არ შემეძლო", - წერს ბარტონი თავის მოგვიანებით გამოცემულ წიგნში, ბარტონი ბარტონის შესახებ.

Vanity Fair-თან ინტერვიუში, დისნეის ამ პერიოდზე საუბრისას, ბრედ ბერდმა (The Incredibles-ის რეჟისორი) ის ეპოქა თაობათა შეჯახებად დაახასიათა. "როდესაც დისნეის მაღალ საფეხურებზე მომუშავე საუკეთესო კადრები პენსიაზე გავიდნენ, კომპანიის სათავეში ის ბიზნესმენები და საშუალო დონის ანიმატორები აღმოჩდნენ, რომლებსაც იმ დროისთვის სტუდიაში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება დაგროვებოდათ", - ამბობს ბერდი, - "მათ, უბრალოდ, უნდოდათ, რომ ფეხი ფეხზე გადაედოთ და დისნეის რეპუტაციის ხარჯზე გაეტანათ თავები. ამ დროს კი ჩვენ, ახალგაზრდებს, ცეცხლი გვეკიდა და დისნეის ძველი ოსტატების მიერ შთაგონებული იდეებით ვიყავით სავსე. ახლა უკვე ჩვენ ვცდილობდით დადგენილი ჩარჩოების მიღმა გაღწევას". იმავე სტატიაში გლენ კინმა გაიხსენა, ბარტონი საათობით როგორ იმალებოდა ქურთუკების კარადაში.

თუმცა, ბარტონი მთელ თავის დროს დარდში ნამდვილად არ ატარებდა. დისნეიში მუშაობისას მან საკუთარი ინდივიდუალური მხატვრული ხელწერა განამტკიცა. იგი ხატავდა უცნაურად წაგრძელებულ ფორმებსა და ადამიანებს, რომლებსაც ოდნავ სენტიმენტალური, გოთიკური და პროპორციებდარღვეული ელემენტები სდევდათ. მან რამდენიმე ფილმის, მათ შორის The Nightmare Before Christmas-ის, კონცეფციაც შექმნა, მაგრამ მათ გადაღებაზეც დისნეიმ თავდაპირველად უარი განაცხადა. მიუხედავად ამისა, ბარტონმა რამდენიმე ისეთი ფილმის გადაღება მოახერხა, რომლებიც დღეს მისი განუმეორებელი სტილის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებს წარმოადგნენ. მათ შორის ყველაზე აღსანიშნავი ალბათ მოკლემეტრაჟიანი ფილმი ვინსენტია, რომელიც ბარტონის ბავშვობას ეფუძნება. მას სწორედ ადრეულ წლებში შეუყვარდა საშინელებათა ფილმების ლეგენდარული ფიგურა, მსახიობი ვინსენტ პრაისი.

1982 წელს გადაღებული ვინსენტი ბარტონის ვიზუალურ ესთეტიკას, ბნელი თემატიკისადმი მის ხანგრძლივ სიყვარულსა და ანიმაციის სტოპ-მოუშენის სტილისადმი ინტერესს აერთიანებს. ფილმი, რომელიც თავად პრაისის მიერ არის გახმოვანებული, ბარტონისთვის დამახასიათებელი უჩვეულობებითაა სავსე. ესაა ისტორია სამყაროსგან გარიყულ გოთ ბავშვზე, რომელიც გარეუბანში ცხოვრობს და არაორდინალური, ბნელი თემებითაა შეპყრობილი. ეს ნამუშევარი დისნეის იმდროინდელი ანიმაციური ფილმის კვალობაზე უჩვეულოდ ბნელია და ამიტომაც ცალკე არც გამოსულა. ის, მოგვიანებით, The Nighmare Before Christmas-ის ზოგიერთი ვერსიის თანამდევ ანიმაციად გამოჩნდა ეკრანებზე.

ვინსენტის შემდეგ ბარტონის მიერ დამოუკიდებელად გადადგმულ არტისტულ ნაბიჯებს ნაკლები წარმატება ხვდა წილად. დისნეიმ მისი მომდევნო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ფრანკენვინი გადაიღო. ფილმი პატარა ბიჭზეა, რომელსაც თავისი ძაღლის მკვდრეთით აღდგენა სურს. ანიმაცია 1984 წელს გამოუშვეს, მაგრამ მალევე ბარტონი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

"როცა ბარტონმა 1984-ში თავისი ანიმაცია შექმნა, არამგონია, დისნეიმ იცოდა, მისთვის რა მოეხერებინა", - ამბობს პროდიუსერი დონ ჰანი 2012 წელს Yahoo UK-სთან ჩაწერილ ინტერვიუში. ის და ბარტონი დისნეიში ერთ პერიოდში მუშაობდნენ, - "წარმოიდგინეთ, ეს ძალიან საინტერესო ტიპი თქვენთვის მრავალმხრივად საინტერესო შავ-თეთრ ფილმებს იღებს, ამ დროს კი თქვენ დგებით და მას სამსახურიდან უშვებთ". მოგვიანებით ბარტონმა ფრანკენვინი სრულმეტრაჟიან ფილმად რომ აღადგინა, პროდიუსერად სწორედ ჰანი მიიწვია.

თუმცა, სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ, შეიძლება, დისნეის ბარტონი სამსახურიდან მსგავსი ქცევის გამოც გაეთავისუფლებინა:

"დამბოს ეკრანებზე გამოჩენის აღსანიშნავად, გავიხსენოთ, დისნეიში ანიმატორად მუშაობისას როგორ ამოიღო ტიმ ბარტონმა სიბრძნის კბილი და შემდეგ, დასისხლიანებულმა, მთლიანი დღე სხვებისთვის ამ კბილის დემონსტრირებაში გაატარა"

სამსახურის დატოვების შემდეგ ბარტონს მალევე გასაოცარი შესაძლებლობა ჩაუვარდა ხელში: მის ძველ კლასელს, პოლ რუბენსს, რომელიც ახლა ფი-ვი ჰერმანის ალტერ ეგოთი უფროა ცნობილი, ვინსენტი ენახა და მეგობარს თავისი გმირის დიდ ეკრანზე გაცოცხლება სთხოვა. ბარტონი, რომელსაც დისნეიში ყოფნისას ერთხელ უკვე ემუშავა არაანიმაციურ ფილმზე - 1983 წლის ჰანსელსა და გრეტელზე, მზად იყო, ნებისმიერ პროექტში მიეღო მონაწილეობა, თუ ის საკუთარი სტილის გამოხატვაში დაეხმარებოდა. შესაბამისად, ის ამ შესაძლებლობას დაუფიქრებლად დასთანხმდა. 1985 წელს ფილმმა, ფი-ვის დიდი თავგადასავალი, 40 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოიტანა, მაშინ, როდესაც მისი ბიუჯეტი 7 მილიონს არ აღემატებოდა. სწორედ აქედან დაიწყო ბარტონის, როგორც რეჟისორის, ნაყოფიერი კარიერა.

მომავალი ათწლეულების მანძილზე ბარტონმა მსოფლიოს უამრავი საკულტო ფილმი აჩუქა. მათ შორის აღნიშვნის ღირსია: ბითლჯუსი (1988); ბეტმენი (1989) და ბეტმენი ბრუნდება (1992); ედვარდ მაკრატელხელება (1990); კოშმარი შობის წინ (1993), რომლის პროდიუსერიც კი თავად იყო, მაგრამ რეჟისორის პოზიცია CalArts-ის კურსდამთავრებულს, ჰენრი სელიკს ანდო; მარსი გვიტევს! (1996); მთვლემარე ხეობა (1999); დიდი თევზი (2003); პატარძლის გვამი (2005); სუინი ტოდი: დემონ-დალაქი ფლიტ სტრიტიდან (2007) და ალისა საოცრებათა ქვეყანაში (2010). მიუხედავად იმისა, რომ ამ ფილმების უმეტესობა არ არის ანიმაციური, მათ მაინც დიდი წვლილი შეიტანეს ბარტონის თავდაპირველი სტილის განვითარებასა და გაფართოებაში.

იმ დროისთვის, როდესაც 2012 წელს დისნეიმ ბარტონის ფრანკენვინის სრულემტრაჟიანი ვერსია გადაიღო, მისი სახელი უკვე უდაოდ ქცეულიყო ბრენდად. ეს ბრენდი კი ჯერ კიდევ დიდწილად ასოცირდებოდა დისნეისთან, რომელიც ახლა უკვე დიდი სიხარულით ნიშნავდა მას რეჟისორის და პროდიუსერის პოზიციებზე. 2012 წელს, ფრანკენვინის გამოშვების დროს, Independent-თან ინტერვიუში დისნეისთან არასტაბილურ ურთიერთობაზე საუბრისას ბარტონმა უბრალოდ თქვა: "დისნეიმ სამჯერ ამიყვანა და გამათავისუფლა სამსახურიდან. უკვე მივეჩვიე".

მაგრამ ბარტონის შემოქმედება დისნეისთან დაძაბული ურთიერთობით ნამდვილად აღარ განისაზღვრება. ის ახლა საკუთარი განუმეორებელი სტილის მქონე უნიკალურ შემოქმედად აღიქმება. ბარტონის სტილის სწორად დასახასიათებლად რამდენიმე კონკრეტული ვიზუალური და შემოქმედებითი პირველწყაროს იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. სწორედ მათი ზეგავლენით გამოიძერწა ის ზოგადი მგრძნობელობა, რომელიც დღეს რეჟისორის ხედვასთან ასოცირდება.

ბარტონის შემოქმედებაზე ექსპრესიონიზმმა მოახდინა დიდი გავლენა

ბარტონის ესთეტიკა ყველაზე მეტად გერმანულ ექსპრესიონიზმს ირეკლავს. ექსპრესიონიზმი მოდერნისტული ხელოვნების მოძრაობად 1920-იან წლებში ჩამოყალიბდა და სწრაფად გავრცელდა ევროპის გარშემო. მაშინ ჯერ კიდევ ახალი დარგის, ფსიქოთერაპიის გავლენით დაბადებული ექსპრესიონისტული კინო-ხელოვნების ნიმუშები მაყურებელში სიზმრისეულ, არარეალურ და ფსიქოლოგიური დაძაბულობის გრძნობებს აღვიძებდა.

ექსპრესიონისტული ატრიბუტები იმდენად წარმატებითაა ჩართული ხელოვნების სხვადასხვა ფორმაში - მხატვრობაში, კინოსა და ანიმაციაში - რომ რიგითმა მაყურებელმა, შესაძლოა, ვერც კი შეამჩნიოს, რომ მათ ყველას საერთო პირველწყარო აერთიანებს. ამ დამახასიათებელ ატრიბუტებს შორისაა მკვეთრად გაზვიადებული უკანა ფონები და კონტრასტული ფერებით აწყობილი პეიზაჟები, რომლებიც, ძირითადად, ჩრდილებსა და სილუეტებზე დაყრდნობით, დაძაბული და შემზარავი გარემოს შესაქმნელად გამოიყენება. უსწორმასწორო კიდეების მქონე გადასაღები მოედნები და უცნაურად მომრგვალებული, გადახრილი ან შეუსაბამო, თავგზის ამბნეველი სივრცეებიც მსგავს ძირითად ელემენტებს შორისაა.

კადრი ფილმიდან ექიმ კალაგარის კაბინეტი, რომელიც გერმანული ექსპრესიონისტული კინოს კლასიკური ნიმუშია.

ფოტო: IMDB

ვინსენტი ცხადად ასახავს ბარტონის ექსპრესიონისტულ გავლენებს.

ფოტო: Walt Disney Productions

გამრუდებული ვიზუალის შეგრძნება, ფერთა მკაფიო კონტრასტები, ბუნდოვანი არქიტექტურული ფორმები და რეალობის გამძაფრებული განცდა - ეს ყველაფერი ბარტონისეული ესთეტიკის ძირითადი შემედგენელი კომპონენტებია. ექსპრესიონიზმმა უამრავ მომდევნო მხატვრულ და კინემატოგრაფიულ სტილს გაუხსნა გზა - ფრანგული ნუარ ფილმებითა და სურეალისტური ფერწერით დაწყებული, არტ-დეკოს სტილის არქიტექტურითა და 50-60-იანი წლების საშინელებათა ფილმებით დასრულებული. ამიტომაც რთულია ამტკიცო, რომ მხოლოდ ექსპრესიონიზმის გავლენა არის ის, რაც ბარტონის სტილს უნიკალურს ხდის. თუმცა, მისი შთაგონების სხვა წყაროები, შესაძლებელია, კიდევ უფრო სურეალისტურიც კი გეჩვენოთ.

სცენა 1986 წლის Faerie Tale Theater-ის ტიმ ბარტონის მიერ დადგმული ეპიზოდიდან, სადაც ალადინი ექსპრესიონისტულ საოცრებათა გამოქვაბულში აბიჯებს.

ფოტო: Showtime / Youtube

გარდაცვლილთა დღემ ბარტონზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა

ლათინურ ამერიკაში გარდაცვლილთა დღე ყოველწლიურად აღინიშნება. დღესასწაულს, ტრადიციულად, თავის ქალებისა და ჩონჩხების ფერადი გამოსახულებები ახლავს. ცერემონიალის მონაწილეები ქუჩებში გაცოცხლებული მკვრდების, კალავერებისა და კალაკების თავის ქალების ნიღბებითა და ჩონჩხის სამოსით ჩნდებიან. ბარტონის შემოქმედება სავსეა კალაკებისა და კალავერების მსგავსი ვიზუალით.

ხოსე გვადალუპე პოსადას The Calavera Oaxaqueña. დაახლოებით 1910 წელი.

ფოტო: Library of Congress

ამის თქმისას პირველი, რაც შეიძლება გაგვახსენდეს, ალბათ ჯეკ სკელინგტონის გმირია ფილმიდან, კოშმარი შობის წინ, თუმცა, პატარძლის გვამის მთავარი პერსონაჟი, ემილიც მოსიარულე კალავერაა. ორივე ფილმს ძვლებში აქვს გამჯდარი გარდაცვლილთა დღის სიყვარული.

გარდაცვლილთა დღე ბარტონის ანიმაციაში, პატარძლის გვამი.

ფოტო: Warner Bros. Pictures

მაგრამ ალბათ არცერთი სტილი არ არის იმდენად დაახლოებული ტიმ ბარტონთან, როგორც - გოთიკა.

ტიმ ბარტონის ფილმები აშკარად გოთიკურია, მაგრამ თავისებური გადაწყვეტით

ტერმინი გოთიკური თავდაპირველად დამამცირებელ შინაარს ატარებდა. იგი გოთებისა და ვესტგუთების სახელით ცნობილ იმ ტომებისგან წარმოიშვა, რომლებმაც ძველი რომი აიღეს. სიტყვა შუასაუკუნეების ეპოქის არქიტეტურის ბარბაროსული და არაცივილეზებული სტილის აღსანიშნავად გამოიყენებოდა. ეს სალანძღავი ეპითეტი იყო, თუმცა თანდათან იმ ძრწოლვისა და შიშნარევი აღფრთოვანების გამომხატველად იქცა, რომელიც ამგვარი გადატვირთული სილამაზის მქონე არქიტექტურისა და ხელოვნების შემყურეს შეიძლებოდა გაგჩენოდა. ასე რომ, როცა ჰორას უოლპოლმა 1764 წელს გამოცემულ თავის სკანდალურ რომანს, ოტრანტოს ციხე-კოშკს, გოთიკური ამბავი უწოდა, ამის მიზეზი ის იყო, რომ წიგნის სიუჟეტი ბნელი დერეფნების მქონე, ავი სულებით შეპყრობილ, თავზარის დამცემ, უზარმაზარ ციხე-სიმაგრეში ვითარდებოდა.

ამ გზით უოლპოლმა გოთიკური არქიტექტურის და ხელოვნების ხასიათი მწერლობაში შეიტანა და დღეისათვის გოთიკური ლიტერატურის სახელით ცნობილ ჟანრს დაუდო დასაბამი. ეს ჟანრი სავსეა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი შემაძრწუნებელი ტროპებით: ნისლში ჩაწოლილი, უზარმაზარი მუქი შენობები; დატანჯული გმირები და ანტიგმირები, რომლებსაც ტრაგიკულად დაკარგული სიყვარული ან გამხელილი წარსული საიდუმლო მიაქანებს უფსკრულისკენ; ავბედითი, გროტესკული, უცნაური, სისხლიანი და საზარელი ამბები.

გვიანდელი მეთხუთმეტე საუკუნის გოთიკური სკულპტურა, ამიენსის საკათედრო ტაძარი.

ფოტო: Eric Pouhier

გოთემი ბარტონის 1989 წლის ბეტმენში, თავისი გოთიკური არქიტექტურით, საკუთარ სახელს ნამდვილად ამართლებს.

ფოტო: Warner Bros. / IMDB

ვინსენტ პრაისის, ედგარ ალან პოს, ჩონჩხების და სასაფლაოების სიყვარულმა ბარტონი ბავშვობიდანვე მოამარაგა გოთიკური შთაგონების უამრავი წყაროთი. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი, ამავდროულად, ბერბანკის მშვიდ, არაფრით გამორჩეულ გარეუბანში იზრდებოდა, სადაც ხილული სამყაროს მიღმა მძრომიალე საშიშ და ბნელ საგნებზე ფიქრით იყო მუდმივად მოცული.

უკვე როგორც შემდგარმა არტისტმა, ტიმ ბარტონმა საკუთარ ნამუშევრებში სურეალიზმი და არასტანდარტული ამბები ისე შეაზავა, რომ ყოველდღიურობა ბანალურობისა და ცივილიზებული ცხოვრებისთვის ნიშნეული მონოტონურობისგან განძარცვა. ვინსტენტი და ფრანკენვინი ხომ ჩვეულებრივ ბიჭებზეა, რომლებიც გროტესკული თემების მიმართ თავიანთ სიყვარულს რიგითი, მშვიდი ოჯახების წიაღში აღვივებენ; კოშმარი შობის წინ შობასა და ჰელოუინს შორის არსებულ საზარელ შეპირისპირებაზეა; სუინი ტოდში სერიული მკვლელი მოკრძალებულ სადალაქოს ხსნის, - იმის მიუხედავად, რომ ეს ფილმი უკვე არსებული მიუზიკლის მიხედვითაა გადაღებული, ის მაინც იდეალურად ჯდება ბარტონის პორტფოლიოში; ედვარდ მაკრატელხელებაში ედვარდის კოშმარული სახლი, აი, ამ წყნარ უბანს გადმოჰყურებს:

კადრი ფილმიდან ედვარ მაკრატელხელება.

ფოტო: Paramount Pictures / IMDB

ამ კადრის გადაჭარბებული სიკაშკაშე და ზედმეტად სტილიზირებული ხასიათი გვანიშნებს, რომ ეს ექსპრესიონისტული სიზმარია. კონტრასტი ბნელ, ჩაფიქრებულ წყვილსა და მათ გარშემო არსებულ იდილიურ გარემოს შორის კი გვეუბნება, რომ ის, ასევე, ბარტონისეულიცაა.

ფოტო: Paramount Pictures / IMDB

მსგავსი შეპირისპირების საუკეთესო მაგალითი ალბათ ბარტონის ბითლჯუსია, რომელიც მთლიანად იმაზეა, თუ როგორ შეიძლება გელოდეთ ავბედითი სიურპიზი თქვენს, სხვა მხრივ ყოვლად იდილიურ, წყნარ სამეზობლოში.

ბარტონის გამრუდებულ, ცოტათი დისტოპიურ გარეუბნებს ხშირად საზეიმიოდ მანიაკალური, თითქმის ცირკის მსგავსი იერი დასდევს, რომელიც გოთიკის მეტად სისხლიანი ნათესავის, გრანდ გინიოლისგან მომდინარეობს. მისი გავლენა ისეთ ფილმებში შეიმჩნევა, როგორებიც ბითლჯუსი, ჩარლი და შოკოლადის ქარხანა და სუინი ტოდია. იმის მიუხედავად მოვლენები სისხლიანად ვითარდება თუ არა, ამ ფილმების ყურებისას მუდმივად გვაქვს განცდა, რომ შემაძრწუნებელი სცენის მხილველი ნებისმიერ მომენტში შეიძლება გავხდეთ. სწორედ ამაშია ბარტონისეული გოთიკის არსი.

ბარტონი თავისი შთაგონების წყაროებად 50-60-იანი წლების სამეცნიერო ფანტასტიკისა და საშინელებათა ფილმებსაც ასახელებს

1999 წლის მთვლემარე ხეობა, რომელიც ემანუელ ლუბეცკის კინემატოგრაფიულ ხედვას აცოცხლებს, Hammer-ის ფილმებითა და მარია ბავას შემოქმედებით შთაგონებული ელემენტებითაა სავსე.

ფოტო: Paramount Pictures / IMDB

2009 წელს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა ტიმ ბარტონის მხატვრობის და სკულპტურების გამოფენა მოაწყო. ექსპონანტები მისი, როგორც ხელოვანისა და რეჟისორის ცხოვრებასა და კარიერას დეტალური თანმიმდევრობით ასახავდნენ. გამოფენის ფარგლებში ბარტონმა იმ ფილმების სია შეადგინა, რომელბმაც მის შემოქმედებაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა. ამ ფილმების სერიას ტიმ ბარტონი და მონსტრების შემზარავი მშვენიერება ეწოდა და მასში უამრავი ჟანრის ნამუშევარმა მოიყარა თავი.

ამ სიაში წარმოდგენილ ფილმებში ის სასაცილო, ფერადი, ოდნავ სურრეალისტური და არაჩვეულებრივი თემები იკვეთება, რომლებიც ბარტონს ბავშვობისას ყველაზე მეტად იტაცებდა. მასში შესულია ისეთი საკულტო ფილმები, როგორებიცაა ფრანკენშტეინი (1931), ექიმი კალიგარის კაბინეტი (1920), მკვლელობა მორგის ქუჩაზე (1932), გეგმა 9 ღია კოსმოსიდან (1959), დრაკულა (1931), ყორანი (1935), მონსტრის პატარძალი (1955), ქმნილება შავი ლაგუნადან (1954), ნოსფერატუ (1922), ტვინი პლანეტა აროუსიდან (1957) და იკივლე, ბლაკულა, იკივლე (1973).

ბარტონისეული სტილი ხელოვნების, კინემატოგრაფიის და ლიტერატურული ჟანრების მდიდარი ნუსხიდან მომდინარეობს. თუმცა, მისი ნამუშევრები შთაგონების წყაროების უბრალო ასლები რომ ყოფილიყო, ის მაყურებლის მოხიბლვას ვერ შეძლებდა. ბარტონი ამ იდეებს საკუთარ მხიარულ თავისებურებებს მატებს, რაც, მეტწილად, მდგომარეობს მის უნარში, საშიში, ავბედითი ამბები შეადნოს კომიკურობას, შემდეგ კი ამ ყველაფერზე ააგოს დატანჯული, გარიყული ადამიანის ამბავი.

ამ თვისებების გამოა, რომ უამრავი ჩვენგანი მის ფილმებში საკუთარ თავს ხედავს - არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენც ხელოვნურად იდილიურ, მზიან გარეუბანში გავიზარდეთ თუ - არა. შეიძლება, ბარტონმა საკუთარი ბავშვობა მისთვის შეუფერებელ გარემოში გაატარა, თუმცა, სწორედ ამის ნიადაგზე შექმნა მან ის ვიზუალური სტილი, რომელიც ჩვენთვის ყველასთვის ასეთი ახლობელია.