სახალხო დამცველი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს გატარებული ღონისძიებები ლგბტ+ ადამიანების დაცვის კუთხით არასაკმარისია და ვერ პასუხობს რეალურ გამოწვევებს.

ომბუდსმენის თქმით, სახელმწიფოს ამ დრომდე არ გააჩნია ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების სისტემური ხედვა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, გენდერული თანასწორობისკენ მიმართულ ეროვნულ სამოქმედო გეგმებში აისახოს ლგბტ+ პირების, როგორც ერთერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის უფლებების დღის წესრიგი.

ომბუდსმენის თქმით, ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა ქვეყანაში არსებითად არ შეცვლილა. აპარატი მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში კვლავ ძლიერია ჰომოფობია და ანტიგენდერული ჯგუფების გავლენა, რის გამოც ლგბტ+ ადამიანები განიცდიან ჩაგვრას, დისკრიმინაციას და ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლები. ამასთან, საზოგადოების დიდ ნაწილში არსებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების გამო, ლგბტ+ პირებისთვის პრობლემას წარმოადგენს შრომის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და განათლების უფლებებით დაუბრკოლებლად სარგებლობა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ წელს ლგბტ უფლებადამცველებისა და თემის მხარდამჭერების მიერ ამ დღის ღიად არ აღნიშვნა, რაც უსაფრთხოების გარანტიების არქონას უკავშირდება, უკან გადადგმული ნაბიჯია.

"ხაზი უნდა გაესვას, რომ ამ დღის აღნიშვნის მიზანს ძალადობის დაგმობა და ლგბტ+ ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა წარმოადგენს. თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა საქართველოში ძირითადად ძალადობრივ ქმედებებს უკავშირდება და საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანების უსაფრთხოებას", — ნათქვამია განცხადებაში.