თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე მოსამართლეებს მიმართავს და სთხოვს, იყვნენ პრინციპულები და ობიექტურები. სარალიძე მოუწოდებს მათ, მიუკერძოებლად შეაფასონ საქმეში არსებული ჩვენებები და მასალები და არ მოექცნენ პროკურატურის გავლენის ქვეშ.

სარალიძის აზრით, პროკურატურა ცდილობს ორი ბრალდებულის დასჯით გადაფაროს სხვების მიერ ჩადენილი დანაშაული და ესეც გ.ჯ. და გ.ბ-ს მიაწეროს. მისივე თქმით, ეს ბრალდებულები მდგომარეობის შესამსუბუქებლად თავს თავდაცვის მოტივით იმართლებენ.

"არა, ბატონო მოსამართლენო, ეს იყო განზრახ მკვლელობა, დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ჯგუფურად, და ამ დანაშაულის ჩამდენი მხოლოდ ერთი პირია სასამართლოზე წარდგენილი (დავით სარალიძის ეპიზოდში). ჩემი მიზანია ყველა პირი დაისაჯოს მათი ქმედების პროპორციულად. მე არ მსურს, ჩემი გარდაცვლილი შვილის სული დავამძიმო პირის იმაზე მძიმედ დასჯით ვიდრე ის იმსახურებს, მაგრამ არც იმას დავუშვებ, რომ დამნაშავეები, რომლებიც გარეთ თავისუფლად დადიან, დაუსჯელი დარჩნენ!!!" — წერია მიმართვაში.

ზაზა სარალიძე თქმით, რომ პროკურატურა პირვანდელი ბრალდების სააპელაციო სასამართლოში გადატანას ცდილობს. თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ, 16 მაისს, ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებული არასრულწლოვანი, დ.ღ. დამნაშავედ სცნო.

შვილმოკლულმა მამამ ზაზა სარალიძემ რამდენიმე თვეა პარლამენტთან აქციები შეწყვიტა. ის ერთ წელზე მეტია შვილის მკვლელების დასჯას ითხოვს. რამდენიმე კვირაა პარლამენტის წინ კარავთან ზაზა სარალიძე არ გამოჩენილა.

ხორავას ქუჩის საქმე

2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე პირველი ექსპერიმენტული სკოლისა და 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირების შედეგად დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპნენ. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. საქმეზე ორი არასრულწლოვანი გ.ბ. და გ.ჯ. დააკავეს.

31 მაისის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, გ.ბ. დამნაშავედ სცნეს დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. დამნაშავედ სცნეს დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.

ამავე განაჩენით, გ.ბ. , გ.ჯ.-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ. მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა, როგორც დავით სარალიძის მკველობის მცდელობა დამაძიმებელ გარემოებაში.

სასამართლოს განაჩენის მიხედვით, დავით სარალიძის მკვლელი უცნობია. ამას დაღუპულის მამის, ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.

გარდა ამისა, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის სასამართლომ დამნაშავედ სცნო პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი. მას თავისუფლების აღკვეთა ერთი წლითა და ერთი თვით მიუსაჯეს.

ამავე თემაზე: