ნასას ხელმძღვანელი, ჯიმ ბრიდენსტინი ფიქრობს, რომ დროა, მოზრდილი ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახების შესაძლებლობას სერიოზულად მივუდგეთ. გასულ თვეს საერთაშორისო აკადემიის ასტრონავტების პლანეტარული დაკვირვების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლა მან მომავლის შესახებ გაფრთხილებით დაიწყო.

"ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ხალხს ესმის სიტუაციის სერიოზულობა. ეს არაა ჰოლივუდური ფანტაზია", -განაცხადა მან, - "დედამიწა ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი პლანეტაა, სადაც სიცოცხლე არსებობს და ეს საკითხი სწორედ ამ პლანეტის დაცვას ეხება".

ბრიდენსტინმა აღიარა, რომ მასიური ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახების შესაძლებლობა ხალხს ღიმილს გვრის. სავარაუდოდ, ეს განწყობა ჰოლივუდის იმ მრავალრიცხოვანი ფილმებითაა ნასაზრდოები, რომლებშიც მსგავსი სცენარი კი ვითარდება, მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერი კარგად სრულდება. ამ ფილმებმა, შესაძლოა, ციური სხეულის შეჯახებით გამოწვეული საზარელი შედეგების მიმართ უგრძნობი გაგვხადეს. მაგრამ დედამიწაზე დაცემული ასტეროიდით გამოწვეული ნგრევის სანახავად შორეული მომავლის განჭვრეტა სულაც არ არის საჭირო.

2013 წელს ქალაქ ჩელიაბინსკის თავზე ოცი მეტრი სიდიდის მეტეორი გამოჩნდა. ნასას თანახმად, ის 18 კმ/წმ სიჩქარით მოძრაობდა და დედამიწის ზედაპირიდან 23 კილომეტრში აფეთქდა. ამის მიუხედავად, მისგან გამოწვეული ზარალი მაინც შთამბეჭდავი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მეტეორმა ათასზე მეტი შენობა დააზიანა; ამასთან, 1,500-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. უმეტეს მათგანს შოკური ტალღის შედეგად გაჩენილი ნამსხვრევებით მიყენებული იარები აღენიშნებოდა.

ეს ფოტო ჩელიაბინსკის თავზე, დედამიწის ატმოსფეროში ასტეროიდის შემოსვლიდან დაახლოებით ერთი წუთის მერეა გადაღებული.

ფოტო: Alex Alishevskikh / NASA

"მსგავსი მოვლენები არ არის იშვიათობა. ისინი პერიოდულად ხდება ხოლმე", - აღნიშნა ბრიდენსტინმა. ერთ-ერთ გამოთვლაზე დაყრდნობით, მსგავს შეჯახებას ყოველ 60 წელში ერთხელ უნდა ველოდოთ.

მეოცე საუკუნე ორ მსგავს შეჯახებას ითვლის: ერთი 1908 წელს რუსეთში, ტუნგუსკის მიდამოებში მოხდა, მეორე კი - 1930 წელს, ბრაზილიაში. ტუნგუსკის შემთხვევამ 2,000 კმ²-ზე დიდი ფართობი გაასწორა მიწასთან, თუმცა მას ადამიანური მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ნასა მომავალში მსგავსი კატაკლიზმების თავიდან აცილებაზე მუშაობს. ამჟამად ორგანიზაციას ამბიციური მიზანი აქვს. ის 140 მეტრზე დიდი ზომის ასტეროიდების 90 პროცენტის ტრაექტორიის გაკონტროლებას გეგმავს. მსგავი გაბარიტების ციურ სხეულებს პატარა ქვეყნის მიწასთან გასწორება შეუძლია. მართალია, ატმოსფეროში შემოსვლისას მეტეორი მასაში საგრძნობლად იკლებს, მაგრამ, ამასთან, აღსანიშნავია, რომ იმ სხეულის სიდიდე, რომელიც რუსეთის თავზე 2013 წელს აფეთქდა, ოცი მეტრი იყო. ეს კი იმ მეტეორების ზომის ერთი მეშვიდედია, რომელთა მოძრაობასაც ნასა აკვირდება.

ჩელიაბინსკის მეტეორიტის მთავარი მასა ჩელიაბინსკის ადგილობრივი ისტორიის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

ფოტო: Andrey Yarantsev

შესაძლოა, ამ საქმეში ნასას ილონ მასკი და მისი კომპანია SpaceX დაეხმაროს. ნასამ ახლახანს განაცხადა, რომ SpaceX-თან კონტრაქტი გააფორმა, რის შედეგადაც ამ პრობლემის გადასაჭრელად $69 მილიონი გამოიყო. პირველი ერთობლივი მისია, ასტეროიდისთვის ტრაექტორიის შეცვლის ტესტი (DART), SpaceX-ის მიერ დედამიწასთან ახლოს მყოფი ობიექტის, ამ შემთხვევაში ასტეროიდის, მიმართულებით რაკეტის გაგზავნას მოიაზრებს.

თუ მოვლენები წარმატებით განვითარდება, რაკეტა ამ ობიექტის ტრაექტორიას ისე შეცვლის, რომ ის დედამიწას გვერდს აუვლის.

ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნასას ამ საკითხთან მიმართებით ერთმნიშვნელოვანი პოზიცია არ გააჩნია. კომპანია პროგნოზების გაკეთებისას აშკარად არათანმიმდევრულია. მაგალითად, რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის მიერ გაკეთებული ეს განცხადება ბრიდენსტინის მოსაზრებებთან წინააღდმეგობაში მოდის:

"ამჟამად ნასას არ აქვს ინფორმაცია იმ ასტეროიდსა ან კომეტაზე, რომელიც დედამიწის მიმართულებით შეიძლება მოძრაობდეს. შესაბამისად, მძლავრი შეჯახების საფრთხე ფრიად დაბალია. უფრო მეტიც, ამჟამად, ჩვენ ხელთ არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალი რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში დიდი ობიექტის დედამიწასთან შეჯახება მოსალოდნელი არ არის".

ისტორიათა უმრავლესობა, რომელიც პრესაში ამ საკითხთან დაკავშირებით ჩნდება ხოლმე, უმნიშვნელო რისკებს გაბუქებულად წარმოაჩენს. მაგალითად, ასტეროიდი 1999 RQ36 გაზეთების პირველ გვერდებზე მას შემდეგ მოხვდა, რაც მოდელირებულმა გამოთვლებმა აჩვენეს, რომ ის ჩვენს პლანეტას 2182 წლისთვის შეიძლებოდა დაჯახებოდა. მიუხედავად ამისა, ნასა აცხადებს, რომ ასტეროიდის ორბიტული ტრაექტორიის შესახებ პროგნოზების გაკეთება ჯერ ნაადრევია.

ასტეროიდ 1999 RQ36-ის რადარული გამოსახულება.

ფოტო: NASA

და, იქნებ, მაშინ, ჯერ არმაგედონის სიქველზე საუბრის დაწყებაც არ ღირდეს?

თუმცა, თუ კატაკლიზმების საფრთხეებზე მაინც გულრწფელად ღელავთ, გირჩევთ, ნასას ვებგვერდი, ყარაული: დედამიწაზე ციური სხეულის შეჯახების მრიცხველი, მოინახულოთ. აქ თქვენ ნახავთ, ჩვენთვის ცნობილ რომელ ასტეროიდებს აქვთ დედამიწასთან შეჯახების ყველაზე მაღალი შანსები.

მაგრამ თუ ესეც არ დაგაკმაყოფილებთ და ამ საკითხში თავით გინდათ გადაეშვათ, ეს სამწვრთნელო სავარჯიშო შესაძლებლობას მოგცემთ, ნასას ფარდის უკან შეიჭყიტოთ და სავარაუდო სიმულაციაზე დაყრდნობით ნახოთ, როგორ დააკვირდებოდა და რითი უპასუხებდა ორგანიზაცია ასტეროიდის დედამიწასთან გარდაუვალი შეჯახების ინციდენტს.