პარასკევს, 23 სექტემბერს, 18:30 საათზე, შპს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" მუშების და რკინიგზის ახალი პროფკავშირების ორგანიზებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

არასამთავრობო ორგანზაციის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ცნობით, 100-მდე მუშა, რომელიც ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზეა დასაქმებული, უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და შრომის მინიმალური პირობების არარსეობის გამო უარს აცხადებს სამუშაოს შესრულებაზე:

"მუშათა გაფიცვის პარალელურად, არსებული შრომითი დავის გადაჭრის მიზნით, 23-ე დღეა უშედეგოდ მიმდინარეობს მედიაციის პროცესი დასაქმებულებსა და საწარმოს შორის, რომლის არაეფექტურობამ მუშები გაფიცვამდე მიიყვანა".

მუშების ძირითადი მოთხოვნებია:

  • უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა,
  • წერილობითი ვადიანი ხელშეკრულებების გაფორმება,
  • ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება გაზრდილი ტარიფით,
  • შვებულების გამოყენების უფლება, სპეცტანსაცმლითა და სხვა დამცავი საშუალებებით აღჭურვა,
  • მძიმე და მავნე სამუშაოს შესრულებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი შვებულებით სარგებლობის უფლება,
  • სადღესასწაულო დღეებში გაწეული შრომის სათანადო ანაზღაურება
  • კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება.