ე.წ. რელიგიის კანონის შექმნა ისევ დღის წესრიგშია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს უცვლელ სურვილს რამდენიმე რელიგიური ორგანიზაციაც შეუერთა. ე.წ. სპეციალური კანონის საკითხი პარლამენტში, რელიგიის თავისუფლების შესახებ შექმნილ სამუშაო ჯგუფშიც დაისვა.

სამუშაო ფორმატის შექმნის ინიციატორი ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძეა. მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის მიზანი რელიგიური კონფესიების წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარება იყო. ფორმატის მონაწილე არასამთავრობოებისა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლების ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას რელიგიის კანონის შექმნა და რელიგიური ორგანიზაციების ჩარჩოში მოქცევა უნდა.

"რელიგიის კანონი"

რელიგიის თავისუფლების შესახებ სამუშაო ჯგუფის შექმნა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ გასული წლის 25 დეკემბერს დააანონსა. სწორედ ამ დღეს კომიტეტზე პატრიოტთა ალიანსის დეპუტატის, ემზარ კვიციანის დისკრიმინაციულ კანონპროექტს განიხილავდნენ საზოგადოებრივ ადგილებში ნიქაბითა და ბურკით სიარულის აკრძალვის შესახებ.

სოფო კილაძე, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

სოფო კილაძემ ემზარ კვიციანის დისკრიმინაციულ კანონპროექტს "მგრძნობიარე საკითხი" უწოდა და დეპუტატებს მოუწოდა მსგავსი თემები სამუშაო ჯგუფის ფორმატში გადაეტანათ. პირველი სამუშაო შეხვედრა დაპირებისამებრ 21 იანვარს გაიმართა. შეხვედრების ფორმატი დახურულია, მონაწილეობა კი რელიგიის საკითხით დაინტერესებულ ყველა პირს შეუძლია. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში უკვე ხუთი შეხვედრა გამართეს.

პარლამენტის ოფიციალურ საიტზე წერია, რომ სამუშაო ჯგუფის მთავარი მიზანი რელიგიის თავისუფლების რეალიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა, პოლიტიკის განსაზღვრა და კანონმდებლობის შემუშავებაა.

ომბუდსმენთან მოქმედი რელიგიის საბჭოს წევრის, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დამფუძნებელი ბექა მინდიაშვილი აცხადებს, რომ "ეს პროცესი მიმართულია რელიგიური გაერთიანებების შესახებ ახალი კანონმდებლობის ინიცირებისკენ".

ბექა მინდიაშვილი, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დამფუძნებელი

ფოტო: რადიო თავისუფლება

მისი თქმით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო უკვე წლებია საუბრობს სპეციალური კანონისა და სააგენტოს როლის გაზრდის მნიშვნელობაზე.

"ყველა ის რეგულაცია და ყველა ის პრინციპი, რომელიც დაკავშირებულია რელიგიის თავისუფლებასთან ან რელიგიურ გაერთიანებებთან, სხვადასხვა დონეზე, კონსტიტუციით დაწყებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით გაგრძელებული და ქვედა რანგის კანონით დასრულებული, არსებობს", — განმარტავს მინდიაშვილი On.ge-სთან.

ის აცხადებს, რომ საქართველოში ამ ეტაპზე საკმაოდ ლიბერალური კანონმდებლობა მოქმედებს, რაც "საამაყოა, სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით".

ქართული კანონმდებლობა არ სცნობს რელიგიური გაერთიანებების დიფერენციაციას, იერარქიზაციას. სახელმწიფო არ განსაზღვრავს, რომელი შეიძლება იყოს რელიგიური გაერთიანება და ვინ არა. მინდიაშვილის შეფასებით, ეს თავისუფლება მხოლოდ სასიკეთოა.

"კანონი კი არ არის პრობლემა, არამედ ის, თუ როგორი ფორმა მიეცემა სურვილებს. თუ კანონში არც დეფინიცია და იერარქიზაცია არ იქნება და უფრო გააადვილებს რელიგიური გაერთიანებების წვდომას საერთო სიკეთეებისადმი, ეს უკეთესია", — ამბობს მინდიაშვილი.

თუმცა ამ მიმართულებით ბექა მინდიაშვილისა და ომბუდსმენთან არსებული რელიგიის საბჭოს წევრი ორგანიზაციების მოლოდინი პოზიტიური არ არის. მათ განცხადებაც გაავრცელეს და პარლამენტს მოუწოდეს არ დაიწყოს ე.წ. სპეციალური კანონის შექმნაზე მუშაობა. ამ განცხადებაში რელიგიური ორგანიზაციები კიდევ ერთ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას.

რელიგიისა და რელიგიური გაერთიანებების რაობის განსაზღვრა არ უნდა შედიოდეს სახელმწიფოს პრეროგატივაში

რელიგიის საბჭო

"უპირველეს ყოვლისა, პრობლემატურია რელიგიისა და რელიგიური ორგანიზაციის დეფინიციის კანონმდებლობაში გაჩენის საკითხი. რელიგიისა და რელიგიური გაერთიანებების რაობის განსაზღვრა არ უნდა შედიოდეს სახელმწიფოს პრეროგატივაში.

გარდა ამისა, კანონი შეიძლება შეიცავდეს მაღალ რისკს, იერარქიზაცია მოახდინოს და დაახარისხოს რელიგიური გაერთიანებები, დააწესოს გარკვეული შეზღუდვები და ბარიერები როგორც რეგისტრაციასთან, ისე რელიგიური გაერთიანებების საქმიანობის თავისუფლებასთან დაკავშირებით", — ნათქვამია განცხადებაში.

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ რელიგიის კანონის შექმნის ინიციატივა პარლამენტში 4-მა რელიგიურმა ორგანიზაციამ დააყენა. ესენია: სომხური ეკლესია, მუსლიმთა სამმართველოს შიიტური ფრთა, იუდეველები და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ის აცხადებს, რომ ამ პროცესს ლობირებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო უწევდა.

ტარიელ ნაკაიძე, ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე

ფოტო: ქართველ მუსლიმთა კავშირი

ამ ორგანიზაციებიდან სამს (სომხური ეკლესია, მუსლიმთა სამმართველო, იუდეველები) რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსურ დახმარებას უწევს. მეოთხე რელიგიური კონფესია, რომელსაც ასევე ეხმარება სააგენტო, კათოლიკური ეკლესიაა. ისინი კანონის შექმნას ეწინააღმდეგებიან და სხვა ორგანიზაციებთან ერთად რელიგიის საბჭოს განცხადებას ხელს აწერენ.

ტარიელ ნაკაიძე განმარტავს, რომ მუსლიმი თემის ნაწილი არ ეთანხმება კანონის მიღებას: "რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დაინტერესებულია, რომ განსაზღვროს რამდენიმე რელიგიური ჯგუფი და აკონტროლოს. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი და რელიგიური ორგანიზაციების ნაწილის დისკრიმინაციის საფუძველი".

სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელი, მიშა ავაქიანი On.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ "მათთვის რელიგიის კანონი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც მთელი რიგი გადასაწყვეტი საკითხები".

"ეს საკითხები ეხება ისტორიულად ჩვენი ეკლესიების დაბრუნებას. ასევე უნდა მოგვარდეს ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც მშენებლობას, ქონებას ეხება. ეს იქნება კანონის სახით, თუ სხვა კანონში შეტანილი ცვლილებებით. მთავარია, ჩვენი პრობლემები იყოს გადაწყვეტილი", — განაცხადა ავაქიანმა.

თამთა მიქელაძე

ფოტო: EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტის თამთა მიქელაძისთვის ყურადსაღები, ვინ აყენებს რელიგიის კანონის შექმნის საკითხს დღის წესრიგში წლების განმავლობაში. ის ამბობს, რომ რელიგიის კანონის შექმნა ბევრ რისკს შეიცავს, რაზეც საერთაშორისო ორგანიზაციები და ევროპული სასამართლოც თანხმდება.

"რელიგიის დეფინიცია, თავისთავად, ძალიან რთულია იმიტომ, რომ რწმენის თავისუფლების თვითგამორკვევის სფეროს უკავშირდება. წარმოუდგენელია, მისი მოხელთება. თეოლოგიის საკითხი სახელმწიფომ არ უნდა განსაზღვროს", — უთხრა On.ge-ს თამთა მიქელაძემ.

ის ფიქრობს, რომ, მეორე მხრივ, რელიგიის შესახებ კანონის მიღების მთავარი ინტერესი რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის არსებული წესის გადასინჯვა და რელიგიური ორგანიზაციების სხვადასხვა ნიშნით იერარქიზებაა.

იერარქიზების ტენდენცია ჩანს და ამის უფრო გაფორმება უნდათ. რელიგიის კანონის მიღება საპატრიარქოს ისტორიული სურვილი და ინტერესია

თამთა მიქელაძე

"ჩვენ ასეთი ტიპის იერარქიები უკვე გვაქვს. მაგალითად, თუ დაფინანსების პრაქტიკებსა და საკანონმდებლო მოწესრიგებას შევხედავთ, ბიუჯეტიდან ოთხი რელიგიური ორგანიზაცია იღებს დაფინანსებას, რომელიც სახელმწიფოს თვალში ე.წ. ტრადიციული რელიგიებია. იერარქიზების ტენდენცია ჩანს და ამის უფრო გაფორმება უნდათ. რელიგიის კანონის მიღება საპატრიარქოს ისტორიული სურვილი და ინტერესია", — ამბობს მიქელაძე.

მისი შეფასებით, რელიგიის შესახებ კანონი შეიძლება არის ის თემა, რომლითაც სახელმწიფო შეეცდება დიდი რელიგიური ორგანიზაციების გული მოგებას და მათ მაღალ სტატუსს მისცემს, შედარებით მცირე რელიგიური ორგანიზაციების უფლებრივი მდგომარეობა კი "ასიმეტრიული გახდება".

საქართველოს საპატრიარქოში On.ge-ს კითხვებს, რომლის გაგზავნაც თავად ითხოვეს, არ უპასუხეს, თუმცა მოგვწერეს: "On.ge-მ რამდენიმე უსიამოვნო სტატია გაავრცელა საპატრიარქოზე ბოლო დროს, ძალიან ვწუხვართ და თუ ასე გაგრძელდა მოგვიწევს თანამშრომლობის შეწყვეტა".

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე აცხადებს, რომ რელიგიის კანონის შექმნის საკითხი სამუშაო ჯგუფში არ დაუყენებიათ. თუმცა კარგად ახსოვს ის რელიგიური კონფესიები, რომლებმაც ეს საკითხი წამოჭრეს.

"ზაზა ვაშაყმაძეს ხმა არ ამოუღია, ჩანაწერები არსებობს და ამოიღონ. მე ჩამოგითვლით მოწინააღმდეგეზე მეტს, ვინც ამბობს, რომ უნდათ კანონი, აზრი არის ორად გაყოფილი", — განუცხადა მან On.ge-ს.

ის ამბობს, რომ რელიგიის სააგენტო იმ მიმართულებით იმუშავებს, რაც სამუშაო ჯგუფის მუშაობის დროს გამოიკვეთება. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ცალკე კანონი თუ ცვლილებები უკვე არსებულ საკანონმდებლო ჩანაწერებში.

კანონის მიღება არ არის პანაცეა ისევე, როგორც კანონის მიღება არ არის ქვეყნის დაქცევა, როგორც სხვებს უნდათ, წარმოაჩინონ

ზაზა ვაშაყმაძე

"თუ სპეციალური კანონი იქნება მისაღები, კანონს მივიღებთ, არ იქნება საჭირო კანონი და სხვა კანონებში შევა ცვლილებები. რაც იქნება, მათი მხრიდან კოორდინირებული შეთანხმება, იმ პოლიტიკას გაატარებს სააგენტო. კანონის მიღება არ არის პანაცეა ისევე, როგორც კანონის მიღება არ არის ქვეყნის დაქცევა, როგორც სხვებს უნდათ, წარმოაჩინონ", — აცხადებს ზაზა ვაშაყმაძე.

ის უარყოფს, რომ რელიგიის კანონის შექმნის ინიციატორი სააგენტოა. ამის მიუხედავად, სააგენტოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულია საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგიის პროექტი.

ზაზა ვაშაყმაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე

ამ დოკუმენტში სააგენტო წერს, რომ რელიგიის კანონის შექმნა აუცილებელია, რომელიც ადამიანის რელიგიურ უფლებებსა და სამართლებრივ რეგულაციებს გააერთიანებს; განმარტავს ყველა ზოგად სამართლებრივ კატეგორიას, მათ შორის, "რელიგიური გაერთიანების" ცნებას, განსაზღვრავს ზოგად სამართლებრივ რეგულაციებს, მათ შორის, რელიგიურ გაერთიანებათა რეგისტრაციის წესს, სამართლებრივ სტატუსებს, უფლება-მოვალეობებს, საქმიანობის წესს, ქონებრივ და ფინანსურ საკითხებს, რელიგიისა და განათლების საკითხებს, რელიგიური წარმომადგენლობისა და სხვა საკითხებს.

ბექა მინდიაშვილი აცხადებს, რომ რელიგიის სააგენტოს სურვილია, ე.წ. სპეციალური კანონის საფუძველზე უფლებამოსილება გაიზარდოს. ის ამბობს, რომ სააგენტოს ერთადერთი მიზანი რელიგიური გაერთიანებების ჩარჩოში მოქცევა და კონტროლია.

ზაზა ვაშაყმაძე ბრალდებას უარყოფს და აცხადებს: "ეს არის სისულელე და აბსურდი. შვილია არ დადის მამის ჭკუაზე და როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოში ეპისკოპოსებს რაბინებს, მუფტებს და პასტორებს გავაკონტროლებ?".

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე არ აფიქსირებს ცალსახა პოზიციას On.ge-ს კითხვაზე, ეწინააღმდეგება თუ არა სპეციალური კანონის შექმნას. დეპუტატი ამბობს, რომ "მთავარია არა კანონი, არამედ ის ჩანაწერი, რაც კანონში გაკეთდება".

"იყო განხილვა, რომ კანონის მიღება საოცარ შეზღუდვებს გამოიწვევს. მე მგონია, რომ საოცარი შეზღუდვები კანონზე მეტად კონკრეტულმა ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს. ჩვენთვის ფორმა არ არის მთავარი, სიმართლე გითხრათ, არც დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია შინაარსი. წინასწარ ვიცი, რომ ეს ადვილი თემა არ იქნება", — განაცხადა კილაძემ.

მისი თქმით, რელიგიის შესახებ კანონის შემუშავების იდეამ სამუშაო ჯგუფში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რაც ამ საკითხზე საზოგადოებრივი დისკუსიების წამოწყების ინდიკატორია:

"არ მაქვს ილუზია, რომ ეს იქნება მარტივი პროცესი, მაგრამ მე მგონია, რომ, საბოლოო ჯამში, ბევრი დისკუსიით მივიღებთ ისეთ შედეგს, რაც მნიშვნელოვანი იქნება რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფისთვის".

სხვა საკითხები, რომელსაც სამუშაო ფორმატში განიხილავენ

რელიგიის თავისუფლების შესახებ შექმნილი სამუშაო ჯგუფი დღის წესრიგით მოქმედებს, რომელშიც რელიგიური კონფესიებისა და ორგანიზაციების მიერ სხდომაზე დაყენებული საკითხები შევიდა. ბექა მინდიაშვილის თქმით, ამ საკითხებს შორის რელიგიის კანონი ჯერჯერობით არ წერია, თუმცა არის საკითხები, რომელიც კანონის დონეზე მოითხოვს დარეგულირებას. ამ საკითხებს შორისაა, ომბუდსმენის ბაზაზე შექმნილი რელიგიის საბჭოს 2017 წელს შემუშავებული რეკომენდაციებიც.

სამუშაო ჯგუფში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 3 ივლისს მიღებული ორი გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი განიხილება. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმები 2018 წლის 31 დეკემბრიდან გამოცხადდა ძალადაკარგულად.

  • პირველი გადაწყვეტილება უთანასწორო საგადასახადო რეჟიმს უკავშირდება. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომელი დღგ-ის გადახდისგან ათავისუფლებს მხოლოდ საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობას, რესტავრაციასა და მოხატვას;
  • სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის ნორმა, რომელიც სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ითვალისწინებს.

კიდევ ერთი საკითხი საბჭოთა კავშირის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ეხება. ბიუჯეტიდან დაფინანსებას ამ მოტივით მხოლოდ ოთხი რელიგიური ორგანიზაცია იღებს. კონფესიების ნაწილი მოითხოვს, რომ ამ სიას სხვებიც დაემატონ.

ასევე საუბარია სკოლებში რელიგიის სწავლების ფორმატზე. კონფესიები თვლიან, რომ რაღაც ფორმით ბავშვებს რელიგიაზე ცოდნა უნდა მიეწოდებოდეთ, მათ შორის სკოლებშიც.

სოფო კილაძე აცხადებს, რომ რელიგიის კონფესიების პოზიციისა და პრობლემების მოსმენის შემდეგ გადაწყვეტილებას "უმრავლესობა მიიღებს ისე, როგორც დემოკრატიულ საზოგადოებაში ხდება". თუმცა პროცესი ხანგრძლივი იქნება.

ის ადამიანები, რომელიც აირჩია საზოგადოებამ, იღებენ გადაწყვეტილებას და სწორი არის ეს გადაწყვეტილება თუ არასწორი, ამაზეც უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა

სოფო კილაძე

"დემოკრატიულ საზოგადოებაში ვინ იღებს გადაწყვეტილებას? ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის უმრავლესობა. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის რეალიზებისთვის უფლებამოსილებები. ის ადამიანები, რომელიც აირჩია საზოგადოებამ, იღებენ გადაწყვეტილებას და სწორი არის ეს გადაწყვეტილება თუ არასწორი, ამაზეც უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა", — თქვა კილაძემ.