თიბისი კაპიტალი თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევას აქვეყნებს. ახალი რეგულაციების ფონზე იგი 2019 წლის პირველი კვარტლის ტრანზაქციების მონაცემებით მომზადდა. კვლევაში ნათქვამია, რომ სახეზეა ტრენდისგან გადახვევა:

"წლების განმავლობაში გაყიდვები ყოველი წლის პირველ კვარტალში სჭარბობდა წინა წლის პირველი კვარტლის გაყიდვებს. 2019 წლის პირველი კვარტალი ამ მხრივ გამონაკლისია".

კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ 2019 წლის პირველ კვარტალში, 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაყიდვები არ შემცირებულა, მათ იგივე დონე შეინარჩუნეს. 2018 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით კი გაყიდვებმა იკლო, რაც ნაწილობრივ სეზონურობით, ნაწილობრივ 2018 წლის ბოლო კვატალში ბაზარზე რეკორდული აქტივობით აიხსნება. 2019 წლის იანვრის გაყიდვები წინა წლის იანვართან შედარებით ექვსი პროცენტით არის გაზრდილი, მცირე, ერთ პროცენტიანი მატებაა თებერვალში, ხოლო მარტში ექვსი პროცენტით დაიკლო. კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ ამ დინამიკიდან დასკვნის გამოტანა ნაადრევია.

კვლევით დადგინდა ისიც, რომ 2019 წლის პირველ კვარტალში ახალი აშენებული ბინების გაყიდვები გაიზარდა, ხოლო ძველი აშენებული ბინების გაყიდვები შემცირდა, რაც ამ სეგმენტში მცირე ზომის ბინების გაყიდვის კლებით იყო განპირობებული. იპოთეკური პორტფელი კვარტლის მანძილზე უმნიშვნრლოდ გაიზარდა. გაცემული სესხების რაოდენობა და მოცულობა ნაკლებია, ვიდრე 2018 წლის პირველ კვარტალში გაცემული სესხებისა. ავტორებმა დაადგინეს, რომ ახალი აშენებული ბინების ფასი მცირედ მზარდია, ხოლო ძველი აშენებული ბინებისა — კლებადი.

კვლევის მიზანია, კომპანიებსა და პოტენციურ ინვესტორებს პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია ბაზრის მიმდინარე მდგომარეობისა და სექტორის განვითარების პოტენციალის შესახებ.

ეროვნული ბანკის ახალი პროექტი სხვადასხვა სახის შეზღუდვებს ითვალისწინებს. მათ შორის, აიკრძალება ისეთი სესხის გაცემა, რომლის ძირი თანხაც ვადის ბოლოს დაიფარება. გარდა ამისა, თუ თანამსესხებელი ოჯახის წევრი არ იქნება, ბანკი მომხმარებელს სესხს აღარ მისცემს და თუ მომხმარებელს სესხის დაფარვა საპენსიო ასაკში მოუწევს, თანხას უფრო ძნელად მიიღებს.