ქალთა მოძრაობა ზუგდიდში მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის წინააღმდეგ ზეწოლა ხორციელდება. ქალთა მოძრაობას მიაჩნია, რომ რულოვსის უფლება — კენჭი იყაროს სამართლიანი და თანასწორი არჩევნების პირობებში, ილახება, მათ შორის გენდერული ნიშნით.

"შემაშფოთებელია სანდრა რულოვსის წინააღმდეგ მიმართული შავი პიარი, რომელიც მკვეთრად ავლენს სექსიზმის ნიშნებს... ოპონენტები ცდილობენ, სანდრას სქესი მისივე სისუსტედ წარმოაჩინონ, როცა მას უწოდებენ "რძალს" და როდესაც აკრიტიკებენ მის ქმარს ცოლის "კაბას და კალთას ამოფარებულობის" გამო", — აღნიშნავენ მოძრაობაში.

მათ რამდენიმე მაგალითი აქვს მოყვანილი, მათ შორის შემთხვევა, როცა მშვიდობიანი შეკრების დროს რულოვსსა და მის მხარდამჭერებს შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე, განხილული აქვთ სანდრა რულოვსის დისკრედიტაციის მიზნით სოციალურ ქსელში პოსტების გავრცელება.

ქალთა მოძრაობა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს:

  • უზრუნველყოს სანდრა რულოვსის პასიური საარჩევნო ხმის უფლების ეფექტური აღსრულება;
  • თავი შეიკავოს სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერის დროს გენდერულად დისკრიმინაციული გამონათქვამებისა და კამპანიისგან;
  • შექმნას უსაფრთხო გარემო საქართველოს მოქალაქეებისთვის წინასაარჩევნო პერიოდში.

მოძრაობა ქართულ ოცნებას მოუწოდებს, სექსისტური განცხადებების გამო თამაზ ფაცაცია პარტიიდან გარიცხონ.