საქართველოს მედიატორთა ასოციაციის, საქართველოს ფოსტის და ევროპის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა თემაზე "შრომითი დავების გადაწყვეტის დიზაინი ქართული ბიზნესისთვის".

შეხვედრას მედიაციის ქართველ ექსპერტებთან ერთად უძღვებოდა ვიქტორ შახტერი, ამერიკელი ექსპერტი, მედიატორი და პრაქტიკოსი იურისტი, ორმოცდაათწლიანი გამოცდილებით. შეხვედრაზე განხილული იქნა დავის გადაწყვეტის ის დიზაინ(ებ)ი, რომელიც განსაკუთრებულად შეესაბამება ქართულ რეალობას და შესაძლებლობას მისცემს ქართულ ბიზნესს მოკლე დროში და მინიმალური დანახარჯებით მიიღოს ეფექტიანი მართლმსაჯულება. სწორედ ვიქტორ შახტერის ინიციატივით და ჩართულობით მოხდა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის რეფორმის ხელშეწყობა და ჩამოყალიბება ხორვატიაში, ინდოეთში, ბრაზილიაში, თურქეთში, ბულგარეთში და მალაიზიაში. 2008 წელს ვიქტორ შახტერი აღიარებული იქნა კალიფორნიის შტატის წლის იურისტად, მის მიერ სამართლის სფეროში გატარებულ რეფორმებში მონაწილეობისა და მედიაციის ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისათვის. იგი არის FSRI-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ორგანიზაციის, რომელიც აქტიურად ცდილობს ხელი შეუწყოს მედიაციის ცენტრების დაფუძნებას და მსოფლიოს მასშტაბით ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების განვითარებას.

"შეხვედრა საქართველოს ფოსტის თანაინიციატივით გაიმართა, მისი მიზანია ქართულ ბიზნესს გააცნოს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები. ბიზნეს დავების სასამართლო გზით განხილვას საკმაოდ დიდ მატერიალურ დანახარჯებამდე მივყავართ, მნიშვნელოვანია დროის ფაქტორიც, სასამართლო პროცესები შესაძლოა წლობით გაიწელოს, სასურველი შედეგი კი მაინც არ დადგეს. ხშირ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტას შედეგად არ მოსდევს კონფლიქტის ეფექტიანად გადაწყვეტა, ვინაიდან სასამართლო პროცედურა შემდგომში მოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებას. მხარეთა მიმართ ნეიტრალური და დამოუკიდებელი მედიატორის მონაწილეობით დავის მოგვარება მეტად ეფექტურია, რადგან საშუალებას იძლევა კონფლიქტი გადაწყდეს კომპრომისის საფუძველზე, იძულებისა და სასამართლოში საქმის საწარმოებლად საჭირო თანხის და დროის დაზოგვით. მედიაციის პროცესი განიხილება, როგორც უფრო მეტად სწრაფი, ეფექტური და პროცედურულად მარტივი მექანიზმი პრობლემის გადაწყვეტისთვის, სწორედ ამიტომ მიგვაჩნია რომ აღნიშნული მოდელი მეტად ეფექტური იქნება ნებისმიერი საწარმოსთვის და რაც უფრო მეტი მხარდამჭერი გვეყოლება უფრო სწრაფად შევძლებთ მის ამუშავებას" — განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

მედიაცია დავის გადაწყვეტის ერთ-ერთი მეთოდია, რომელსაც დავის ალტერნატიულ გადაწყვეტას ADR (Alternative Dispute Resolution) უწოდებენ. მედიაცია მოლაპარაკების პროცესია, სადაც ნეიტრალური პირი — მედიატორი — დაპირისპირებულ მხარეებს ან/და მათ წარმომადგენლებს ეხმარება მათ შორის წარმოშობილი კონფლიქტის ურთიერთსასარგებლო შეთანხმებით დასრულებაში. მედიატორი შეთანხმების პირობებზე გავლენას არ ახდენს. ის მედიაციის პროცესს უძღვება და მოლაპარაკების მონაწილე მხარეებს ეხმარება შეთანხმებას მიაღწიონ უფრო სწრაფად და ნაკლებ დროში ვიდრე ისინი შეძლებდნენ დამოუკიდებლად. მედიაციის პროცესი მთლიანად თავისუფალი და არაფორმალურია. მხარეებს შეუძლიათ პირველი შეხვედრის შემდეგ ან ნებისმიერ დროს შეწყვიტონ აღნიშნული პროცესი.

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებებმა სამოქალაქო და კომერციული დავების დროს ადგილი დაიმკვიდრა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. განვითარებულ ქვეყნებში მედიაცია გახდა სამართლებრივი სისტემისა და კულტურის ნაწილი. შესაბამისი ნორმატიული აქტები იქნა მიღებული აშშ-ში, კანადაში, არგენტინაში, ავსტრალიაში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ასევე ფართო განვითარება ჰპოვა მედიაციამ აზიის ქვეყნებში. ექსპერტთა დასკვნით, ჩინეთში დავათა 30% მედიაციის საშუალებით წყდება.