ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ოპოზოცის წარმომადგენლები კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადადგომას ითხოვდნენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობდნენ, რომ აქვთ ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც ამტკიცებს, რომ საარჩევნო ინვენტარი კანონის დარღვევით ინახებოდა. ისინი ფოტომასალის ჩვენების საშუალებას ითხოვდნენ რისი უფლებაც, მათი თქმით, კომისიის თავმჯდომარემ არ მისცა. მათივე თქმით, ასევე, სურდათ მირანდა მესხის გადადგომის განხილვა და მან ამის უფლებაც არ მისცა.

რუსთავი 2-ის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ერთი პირი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. დაცვამ მას ტერიტორია დაატოვებინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ენმ-ს პროტესტი გამოიწვია საარჩევნო სიებისა და ბეჭდების უბნებზე 5 დღით ადრე დარიგებამ. მათ საპროტესტო აქცია გამართეს და მოითხოვეს კომისიის თავმჯდომარის გადადგომა. გარდა ამისა, მოითხოვეს ცესკოს უკან წაეღო და შეეცვალა აღნიშნული სიები და ბეჭდები.

ცესკოში ბრალდებების პასუხად განმარტეს, რომ ზუგდიდის ოლქში უბნების რაოდენობის მიხედვით დოკუმენტაციის გადაცემა რამდენიმე დღეზეა განაწილებული. მათი თქმით, ეს პროცესი ასეთ სახეს ატარებს ყოველი არჩევნების დროს, არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ სხვა საარჩევნო ოლქებშიც.

ცესკოს განმარტებით, კანონის შესაბამისად, სიების საბოლოო ვერსიის (მათ შორის სამაგიდო ვერსიის) გადაცემა უნდა მოხდეს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა ( ანუ, ამ შემთხვევაში 17 მაისამდე). მათი მტკიცებით, საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის გადაცემული ბეჭდები დალუქულია კანონის შესაბამისად და მხოლოდ კანონით განსაზღვრულ დროს გაიხსნება. თუმცა, მათივე თქმით, რადგან საკითხი "სპეკულაციის საგანი" გახდა მიიღეს გადაწყვეტილება სამაგიდო სიები და ბეჭდები უკან, საოლქო კომისიაში დააბრუნონ და მოგვიანებით, ბიულეტენებთან ერთად გადასცენ უბნებს.