კომპანია Kering 18 წლამდე მოდელებთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს. ფრანგული კონგლომერატი ისეთ მოდის სახლებსა და ბრენდებს აერთიანებს, როგორიცაა Gucci, Saint Laurent, Balenciaga და Alexander McQueen.

კომპანიის ინფორმაციით, ახალი პოლიტიკა ძალაში 2020-2021 შემოდგომა/ზამთრის კოლექციისთვის შევა. გენერალურმა დირექტორმა, ფრანსუა ანრი-პინომ განაცხადა, რომ პასუხისმგებლები არიან საუკეთესო მეთოდების წამოყენებაზე და იმედოვნებს, რომ ახალ მოძრაობას სხვებიც შეუერთდებიან.

Kering-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი მარი-კლერ დავო ამბობს, რომ 18 წლის ზემოთ მოდელების ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური მდგომარეობა უფრო მეტად შეესაბამება იმ რიტმსა და ენერგიას, რომელიც ამ პროფესიას სჭირდება.