ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა.

უწყების ცნობით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 150-მდე მეხანძრე-მაშველისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს 30-მდე მეტყევის მუშაობის შედეგად, ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია.

ხანძრის ქრობის პროცესში თბილისის, ბორჯომის, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების მეხანძრე-მაშველები და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები არიან ჩართულნი. ამ დროისათვის, არასაკმარისი ხილვადობის გამო, ვერტმფრენმა ხანძრის კერებზე წყლის დასხმა შეწყვიტა. საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ცეცხლის ლიკვიდაციის მიზნით მუშაობას დილიდან განაახლებს.

ცეცხლის ორივე კერასთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩება ცოცხალი ძალა მონიტორინგისთვის.