"თუ არსებობენ ადამიანები, ვისაც აქვს სურვილი, ყოფილი მინისტრის მოსაზრებებს მოუსმინოს, ჩვენ თავისუფალ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და ეს ნორმალური მოვლენაა", — ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეკონომიკის გათავისუფლებული მინისტრის, გიორგი ქობულიას პარლამენტში მისვლას.

მისი განცხადებით, გიორგი ქობულიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, რაც წარსული ნაბიჯია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰყავს ახალი ხელმძღვანელი, რომელსაც სრული მხარდაჭერა აქვს.

"რაც შეეხება სწრაფ გადაწყვეტილებებს, არ ვიცი რა კონტექსტში თქვა მან ეს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გვჭირდება, ეს არის ეფექტური და ამავე დროს, სწრაფი გადაწყვეტილებები. ჩვენ გვჭირდება მეტი ეკონომიკური ზრდა, ინკლუზიური ზრდა, ისეთი ზრდა, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეეხება და ბუნებრივია, ასეთ დროს აქცენტი, სწორედ, ეფექტურ და სწრაფ გადაწყვეტილებებზე უნდა კეთდებოდეს. ეს არის ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ამას აუცილებლად უზრუნველვყოფ", — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ჟურნალისტის კითხვას, გიორგი ქობულიას კონკრეტულად რომელი ინიციატივები ფერხდებოდა, მამუკა ბახტაძემ უპასუხა, რომ ეს თავად ყოფილმა მინისტრმა უნდა დააკონკრეტოს.

"გოგა ქობულია არის ძალიან მაღალი დონის ეკონომისტი, აქვს შესაბამისი გამოცდილება, იგი მუშაობდა დარგების განვითარების ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიებზე და ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი და საინტერესო დოკუმენტი შედგა. თუმცა, ამავე დროს, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული შედეგები, ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილებები. არც ერთი ინიციატივა, რომელმაც შეიძლება დამატებითი დოვლათი და ღირებულება შექმნას ჩვენი ეკონომიკისთვის, არასოდეს გაჩერდება", — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღეს, 15 აპრილს საქართველოს პარლამენტში დეპუტატების ნაწილმა ეკონომიკის გათავისუფლებულ მინისტრს, გიორგი ქობულიას მოუსმინა. ყოფილმა მინისტრმა იმ წინააღმდეგობებზე ისაუბრა, რომელსაც მმართველ გუნდთან მუშაობისას წააწყდა. მან თქვა, რომ გადაწყვეტილებების მიღება იგვიანებდა, ბევრ ინიციატივაში არ ეთანხმებოდნენ და იმ თამაშის წესებით აღარ თამაშობდნენ, რომელზეც მინისტრად დანიშვნამდე შეთანხმდნენ. ქობულიამ ასევე თქვა, რომ სახელმწიფო კომპანიებში არის კორუფცია და ნეპოტიზმი. მან საპარტნიორო ფონდის მუშაობაც გააკრიტიკა და თქვა, რომ არაეფექტურია. კითხვაზე, ვინ გაათავისუფლა ის პასუხობს: "ჩემი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო პრემიერ-მინისტრმა, პარტიის ლიდერთან კონსულტაციით".