ზუგდიდის საკრებულოს შენობასთან ხმაურია. ოპოზიცია მოითხოვს საგანგებო სხდომის ჩანიშვნას, სადაც დეპუტატ გია დანელიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ და მისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე იმსჯელებენ.

ამ მიზნით, ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები საკრებულოს შენობაში შესვლას ცდილობენ, თუმცა პოლიციამ კარი ჩაკეტა. ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების ნაწილი საკრებულოს მიღმა დარჩა, ნაწილი კი საკრებულოს შენობაში.

"ჩვენ მოვედით აქ, რათა დაგვერეგისტრირებინა მოთხოვნა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესახებ. რიგგარეშე სხდომა უნდა იქნას მოწვეული და უნდა განიხილოს საკითხი დანელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. ეს ბატონი გახლავთ ის დანელია, რომელიც ყველამ ვნახეთ როგორ გეგმავს თავის კოლეგებთან ერთად ძალადობას, როგორ უნდა განახორციელოს საარჩევნო ტერორი, მუქარა, შანტაჟი, თუკი ეს ყველაფერი არ გაამართლებს უნდა მოხდეს რიგი პირების გატაცება", — განაცხადა ძალა ერთობაშიას ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.

ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატის, გია დანელიას სავარაუდო ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, სადაც ის ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ამომრჩევლის მოსყიდვას გულისხმობს.

ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც არჩევნებში ამომრჩევლის მოსყიდვაზე, დაშინებასა და ე.წ. მაყურებლების ჩართვაზეა საუბარი რუსთავი 2-მა გაავრცელა. "მოსყიდვა — მოისყიდეთო. გასატაცებელია — ყველაფერზე თანხმობაა გაცემულიო", — ამ სიტყვებს, სავარაუდოდ, ზუგდიდის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი გია დანელია ამბობს.

ვიდეოს ჩაწერის თარიღი უცნობია, თუმცა, საუბრის შინაარსიდან გამომდინარე წინასაარჩევნო პერიოდშია გადაღებული. სავარაუდოდ, დანელია ამბობს, რომ თბილისიდან ჩასულ წარმომადგენლებს შეხვდა და მიიღო დავალება ყველა მეთოდიც მიიღონ ხმები. კერძოდ, მოსყიდვით და გატაცებით.

გია დანელია რუსთავი 2-თან ამბობს, რომ ვიდეო ფალსიფიცირებულია და მისი ხმა არ ისმის. ტელეკომპანია პირველთან სატელეფონო საუბარში კი ის ამბობს, რომ ჩანაწერში თავს ცნობს, მაგრამ ეს საუბარი არ ახსოვს. მისი თქმით, ჩანაწერს დეტალურად უნდა მოუსმინოს და გაშიფროს, რადგან ისმის ისეთი სახელები, რომელსაც თავად არ იცნობს.