მთვარეზე მხოლოდ 12 ადამიანია ნამყოფი და ყველა მათგანი კაცია.

კვირის დასაწყისში ნასამ გამოაცხადა ახალი გეგმა, რომლითაც სააგენტომ მთვარეზე ადამიანის გაგზავნა ხუთ წელიწადში უნდა შეძლოს. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მისიის ფარგლებში ქალი ასტრონავტებისთვის ადგილები წინასწარაა "დაჯავშნილი." მისიას ძველი ბერძნული ქალღმერთის, აპოლონის დის, არტემისის სახელი ეწოდა.

"აპოლოს მისიიდან 50 წლის შემდეგ, არტემისის პროგრამა მთვარეზე კაცს და პირველ ქალს დასვამს", — განაცხადა ნასას ადმინსიტრატორმა ჯიმ ბრიდენსტინმა.

ადამიანების ნაწილი არტემისის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. ზოგიერთის თქმით, ხუთ წელიწადში მთვარეზე დაბრუნება უბრალოდ არარეალისტურია. გასათვალისწინებელია, რომ კონგრესს ტრამპის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც ნასამ წელს დამატებით 1,6 მილიარდი დოლარი უნდა მიიღოს, არ დაუმტკიცებია. მთვარეზე გაფრენა კი მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში კიდევ არაერთ მილიარდ დოლარს მოითხოვს.

ფოტო: NASA

მისიის განსახორციელებლად ასევე საჭირო იქნება ყველაზე მძლავრი რაკეტის, ახალი გამშვები სისტემისა და მთვარის ახალი მოდულის შექმნა. ნასას გეგმით მთვარის ორბიტაზე კოსმოსური სადგური უნდა შეიქმნას, რომელიც ჯერ არ არსებობს, ასევე საჭირო იქნება ახალი სკაფანდრები.

ნასას ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ მთვარეზე სწრაფად დაბრუნება მათ ინტერესებშია. ის აცხადებს, რომ მისიის კიდევ გადადება, რასაც ნასას ვიცეპრეზიდენტი მარტში გვთავაზობდა, კიდევ უფრო სარისკოა.

"რაც უფრო მოკლევადიანია პროგრამა, მით უფრო ნაკლები პოლიტიკური რისკი ელის მას", — აცხადებს ის.

თუ პროცესები გეგმის მიხედვით განვითარდება, აშშ-ს მთვარის ორბიტაზე რამდენიმე წელიწადში ბაზა ექნება, რომელსაც ის მომავალში მარსზე გასამგზავრებლადაც გამოიყენებს.

მისიის სახელი უკვე შერჩეულია, ახლა კი იმედს ვიტოვებთ, რომ ის განხორციელდება კიდეც.