სოციალური მუშაკების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ლგბტქი ადამიანების ბრძოლას თანასწორობისთვის და ღირსეული ცხოვრებისთვის მხარს უჭერს. ამის შესახებ სოც. მუშაკების განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც 17 მაისის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხება. განცხადებაში პროფკავშირი აღნიშნავს, რომ ისინი მზად არიან, მათი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში, თემს საჭიროების შემთხვევაში დაეხმარონ.

სოც. მუშაკების პროფკავშირი მიიჩნევს, რომ ლგბტქი ადამიანების გამოხატვის თავისუფლება და ნებისმიერი აქტივობა, რომელიც პრობლემას ხილვადს გახდის, უმნიშვნელოვანესია. მათივე თქმით, ეს აუცილებელია, რადგან გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა შეცვალონ პოლიტიკა, კანონი და მრავალი ინსტიტუტისა თუ მომსახურების მოწყობის წესი ისე, რომ უპასუხოს ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებებს.

"ჩვენ ჩვენი ყოველდღიური ხშირი პრაქტიკიდან ვიცით, რას ნიშნავს იყო უსახლკარო, უპერსპექტივო და ჩაგრული ადამიანი და ასევე ვიცით, რას ნიშნავს იყო უსახლკარო ტრანსგენდერი ადამიანი, რომელსაც საქმე საქმეზე რომ მიდგეს თავშესაფარშიც ვერ მოათავსებ, ვინაიდან "ვერ გაურკვევიათ" სად არის მისი ადგილი — კაცებთან თუ ქალებთან? ვიცით რას ნიშნავს, როდესაც ჰომოფობიური ნიშნით ძალადობენ მშობლები შვილებზე და შემდგომ ეს ბავშვები დაუსრულებლად იცვლიან ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებს, ვინაიდან არც მიმღები მშობელი, არც სერვისპროვაიდერი არ არის სათანადო ცოდნით, მეთოდოლოგიით და ღირებულებებით აღჭურვილი, რომელიც სწორად უპასუხებს ჰომოფობიური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების საჭიროებებს. ვიცით, რას ნიშნავს ჰომოფობიური ბულინგით გატანჯული ბავშვების ყოველდღიური მძიმე ყოფა, რომელსაც ვერაფრით ეხმარები, რადგან გარემო გაჯერებულია სტერეოტიპული განწყობებით", — ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, ყველა სოციალური პრობლემა, უსახლკარობა, უმუშევრობა თუ ძალადობა ასმაგად მწვავედ დგება, თუ ამ პრობლემის წინაშე ლგბტქი ადამიანი დგას.