დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრი, ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ მომდევნო კომიტეტის სხდომაზე დააყენებენ საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლის პარლამენტში მისვლის საკითხს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას მოსმენის შემდეგ მიიღო.

დეპუტატებთან შეხვედრაზე ქობულიამ განაცხადა, რომ საპარტნიორო ფონდი არაეფექტურია. ყოფილი მინისტრის თქმით, ფონდის სტრატეგია და მუშაობის პრინციპები არ არის ჩამოყალიბებული და შედეგიანობაც დაბალია.

კობერიძე აცხადებს, რომ დიდი ხანია მოითხოვენ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის პარლამენტში მისვლას და ახლა ამ საკითხს კომიტეტზე უფრო მკაფიოს დააყენებენ. ის განმარტავს, რომ საპარტნიარო ფონდი და ზოგადად სახელმწიფო კომპანიები წამგებიანია.

დღეს, 15 მაისს გიორგი ქობულია პარლამენტის დეპუტატებს შეხვდა. მან განაცხადა, რომ სახელმწიფო ორგანიზაციები ნეპოტიზმისა და მიკერძოებული გარიგებების ბუდეა.

საპარტნიორო ფონდმა 2017 წელს 440 მილიონზე მეტი ზარალით დაასრულა. მაშინ, როცა ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ თანამდებობრივ სარგოდ 300 ათას ლარამდე აიღო (თვეში 24 500 ლარი). გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ რომელიც სრულად საპარტნიორო ფონდის მფლობელობაშია, 2017 წელს დაგეგმილზე 250 მილიონი ლარით ნაკლები შემოსავალი მიიღო.

გაიგეთ მეტი: