საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას, "ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი".

გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ "ოჯახის სიწმინდის დღესთან" დაკავშირებით წელსაც გაიმართება სახალხო მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის.

"მსვლელობა დაიწყება 17:00 საათზე და დასრულდება კონცერტით, რომელიც პარაკლისის შემდეგ გაიმართება. აღვნიშნავთ, რომ ეს ღონისძიება არის მშვიდობიანი და მას რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არა აქვს, იგი არის ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის გამოხატულება ტრადიციული ღირებულებებისადმი", — ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2013 წლის 17 მაისს ძალადობრივმა ჯგუფებმა, მათ შორის ანაფორით შემოსილმა პირებმა მშვიდობიანი აქცია დაარბიეს. ამის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს ეს დღე "ოჯახის სიწმინდის დღედ" გამოაცხადა.