ექსტრავაგანტული წარსულით 1946 წლიდან დღემდე, კანის კინოფესტივალი ყველაზე მთავარზე კინოთი რეფლექსირებს.

ეს პლატფორმა თავის დროზე მხოლოდ იმ ადამიანებს მოიაზრებდა, ვინც კინოინდუსტრიას ქმნიდა: დღეს კი კანის კინოფესტივალი ბევრად დიდი მოვლენაა: მას მოცული აქვს მოდის სამყაროც, პოლიტიკაც, რესტორნებიც და სუპერმარკეტებიც.

72-ე ფესტივალმა ანიეს ვარდას პოსტერი მიუძღვნა, ჟიურის ხელმძღვანელად კი მექსიკელი ალეჰანდრო გონსალეს ინიარიტუ დაინიშნა. მან კვენტინ ტარანტინოს კინოსურათს დასრულება დააცადა და ფესტივალი ჯიმ ჯარმუშის The Dead Don’t Die-ით გახსნა.

ფოტო: Abbot Genser / Focus Features

ფილმის ყურებისას მაშინვე თვალში მოგხვდებათ ჯარმუშისთვის დამახასიათებელი ატმოსფერული გარემო და ხმის დიზაინი. მოქმედება იმ ამერიკაში თამაშდება, შტატების წარმოდგენისას არასოდეს რომ გაგვახსენდება. ოჰაიოს ქალაქ სენტერვილიში მკვდრები საფლავებიდან დგებიან, ცოცხლებს თავს ესხმიან და მათ ცოცხლად ჭამენ.

პოლიციის უფროსი კლიფი (ბილ მიურეი) და მისი პარტნიორი რონი პეტერსონი (ადამ დრაივერი) ქალაქში მომხდარ უცნაურ ამბებს იძიებენ.

დილის პრესა მეტწილად ალუზიებსა და მეტაფორებზე აკეთებდა აქცენტს - ტრამპის ამერიკა და ჩვენი კოლექტიური აპათია. ღამით უძინარი ჯიმ ჯარმუში კი პრესკონფერენციაზე პოლიტიკურ კონტექსტს უარყოფდა: პოლიტიკა არ მაინტერესებს, ვერ ვხვდები რატომ დააკავშირეს ერთმანეთთანო.

ეს ჩვენი მდგომარეობაა, ეს ჩვენი ამბებია, - თქვა რეჟისორმა, რომელმაც მიწიდან ამოსულ და მაღაზიებსა და აფთიაქებს შესეულ ზომბებს იმ საშუალებების სახელები აძახებინა, თანამედროვე სამყაროსთან მჭიდროდ რომ გვაკავშრებს: ყავა! ქსანაქსი! ვაიფაი! იუთუბი! შარდონე - ყვიროდნენ ამოძრავებული მკვდრები.

ჰიპსტერი ზომბები ჩვენ ირგვლივ არსებულ ყველა პრობლემას იმეორებენ და ამავე დროს, სასაცილოს ხდიან.

ჯარმუში ცოცხლების და მკვდრების ამბავს თავისი საყვარელი მსახიობების ანსამბლით ყვება. ცხადია, ტილდა სუინტონთან ერთად, რომლის პერსონაჟი, სამწუხაროდ, სურათის ბოლომდე ბუნდოვანი და ერთგვარად გაუმართავი რჩება.

კანის კინოფესტივალზე ორჯერ გამარჯვებული ჯიმ ჯარმუში იუმორს არ ღალატობს (თუმცა ის აზრიც გამოითქვა, რომ ამჯერად ეს იუმორი უინტერესო იყო), დასცინის ყველას და ყველაფერს, მათ შორის, საკუთარ თავსაც.

ზომბებით გარშემორტყმული მიურეის პერსონაჟი დრაივეის პერსონაჟს ეკითხება: რომ ამბობდი, ყველაფერი ცუდად დამთავრდებაო, საიდან იცოდიო?

ის პასუხობს, სცენარი მქონდა წაკითხული, ჯიმმა მომცაო.

ფილმი ჩვენი მკვდარი არსებობის შესახებ შტატებსა და ევროპაში 14 ივნისს გამოვა. ჩვენი მაყურებლის დიდი ინტერესის გათვალისწინებით, ჯარმუშის ახალ კინოსურათს საქართველოშიც მალე უნდა ველოდეთ.