პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია ამბობს, რომ ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან, გიორგი ქობულიასთან შეხვედრას არ ესწრება, რადგან ფიქრობს, რომ საქმიან ნაწილზე მეტად, პოლიტიკის ნაწილზე ისაუბრებენ.

"რომ მქონოდა იმის რწმუნება, რომ იქნებოდა მხოლოდ საქმიანი საუბარი, ერთ წუთს არ დავფიქრდებოდი, მეც დავესწრებოდი", — განაცხადა კაკულიამ.

On.ge-სთან საუბრისას კაკულიამ თქვა, რომ ყოფილი მინისტრის ხედვები მისთვის ცნობილია და მის კომპეტენციაში ეჭვი არ ეპარება. მისივე თქმით, ქობულიას სურვილის შემთხვევაში, მასთან ეკონომიკური სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობისას ითანამშრომლებდა. დეპუტატის თქმით, ქობულია პირველი იქნება ვისაც გამოციდლების გაზიარებისთვის მიმართავს.

გარდა ამისა, დეპუტატმა თქვა, რომ შეხვედრაზე დასწრება/არდასწრების საკითხი პარტიის შიგნით არ განუხილავთ.

დღეს, 15 მაისს, გიორგი ქობულია პარლამენტში დამოუკიდებელი და ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილის თხოვნით მივიდა. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი საკუთარ საქმიანობას აფასებს და დაინტერესებული პირების კითხვებს პასუხობს.

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გიორგი ქობულიას გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი 18 აპრილს მოაწერა. 4 მაისს შაბათის კურიერში გავიდა ქობულიას კომენტარი, სადაც ის ამბობდა, რომ თანამდებობა თავისი ნებით არ დაუტოვებია.

ამავე თემაზე: