თბილისში გაზრდილი საცობები პრობლემაა არა მარტო მოქალაქეებისთვის, არამედ იმ კომპანიებისთვისაც, რომელთა მომსახურების ხარისხი პირდაპირ კავშირშია გადაადგილების სისწრაფესთან.

მაგალითად, წარმოიდგინეთ, როდესაც სადაზღვევო კომპანიაში შედის შეტყობინება მომხმარებლის მხრიდან, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, სადაზღვევო წარმომადგენელი კი დაახლოებით 40 წუთის შემდეგ აღწევს შემთხვევის ადგილზე, სადაც ან ლოდინისგან გაღიზიანებული კლიენტი ხვდება, ან ყველა პროცედურა დასრულებულია სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლის გარეშე, რაც ცალკე პრობლემაა სრულყოფილი სერვისის გაწევისთვის.

სადაზღვევო კომპანია ალდაგმა ამ პრობლემას მარტივი გამოსავალი მოუძებნა — უკვე ორი თვეა, ალდაგის წარმომადგენლები სადაზღვევო შემთხვევებზე მოპედებით მიდიან!

შედეგად, ნაცვლად 40 წუთისა, შემთხვევიდან 15-20 წუთში მოპედის ეკიპაჟი უკვე ადგილზეა და სრულფასოვან მომსახურებას უწევს დაზღვეულს: იღებს ფოტოებს შემთხვევის ადგილზე და მძღოლს ყველა საჭირო ინფორმაციას დეტალურად აწვდის.

მოპედების ეკიპაჟის დანერგვიდან 2 თვეში ალდაგმა საგრძნობ გაუმჯობესებას მიაღწია მომსახურების ნაწილში: დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა სადაზღვევო შემთხვევებზე გამოცხადების რაოდენობა დღეში; მოპედების დახმარებით, შემთხვევების 92% დაფარულია.

მოპედების ეკიპაჟები მუშაობენ ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დილის 10:00-დან 19:30-მდე (დანარჩენ დროს და კვირა დღეს კი შემთხვევის ადგილზე მენეჯერები ავტომობილებით გადიან). დღეისათვის ეს სერვისი მხოლოდ თბილისში მუშაობს, სადაც საცობების პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას. მომავალში იგეგმება ანალოგიური სერვისის განვითარება სხვადასხვა რეგიონებშიც.