მარველის კომიქსების შემქმნელი და მწერალი, ლეგენდარული სტენ ლი ყოფილი მენეჯერის მხრიდან ცუდი მოპყრობის მსხვერპლი იყო.

კეია მორგანი ლოს-ანჯელესის სასამართლომ ხუთ მუხლში სცნო დამნაშავედ, მათ შორისაა ყალბი პატიმრობა, თაღლითობა და დოკუმენტების გაყალბება. ყველა დანაშაული 2018 წლის ზაფხულში მოხდა.

მარველის სუპერგმირების შემქმნელი გასული წლის ნოემბერში, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო პერიოდში მისი მეხსიერება და მხედველობა გაუარესებული იყო.

მორგანთან სტენ ლიმ ურთიერთობა 2017 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, დაიწყო. ლოს-ანჯელესის სასამართლოს პრესსპიკერის თქმით, მორგანის წინააღმდეგ პატიმრობის ბრძანება უკვე გაცემულია.

სტენ ლის ოჯახმა ბიზნეს მენეჯერის მიმართ გასული წლის ივნისში დამცავი ორდერი მოიპოვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მორგანმა სტენ ლი სახლიდან მოტყუებით გაიყვანა და იზოლირებული ჰყავდა მეგობრებისგან, ოჯახისგან და იმ ადამიანებისგან, ვინც მასზე ზრუნავდა. მორგანი ბრალდებებს უარყოფდა.

მას შემდეგ, რაც სოციალური მუშაკები და პოლიცია ლეგენდარული მწერლის მდგომარეობის შესამოწმებლად გამოიძახეს, მორგანმა 911-ში დარეკა და პოლიციელების დაპატიმრება მოითხოვა იმ მიზეზით, რომ ისინი გადაცმულები იყვნენ და ლის საკუთრებაში უნებართვოდ იჭრებოდნენ. ყალბი შეტყობინების გამო მორგანი დროებით დააპატიმრეს.

მორგანი ასევე დამნაშავედ სცნეს სტენ ლის საკუთრებაში არსებული ხელოვნების ნიმუშების, ფულისა და ნივთების მითვისებაში, რომელთა საერთო ღირებულებაც $5 მილიონს აჭარბებდა. 2018 წლის აგვისტოში მორგანის წინააღმდეგ ორდენი გამოიცა, რომელიც სამი წლის განმავლობაში მას მარველის შემქმნელთან 91 მეტრით მიახლოებას უკრძალავდა.

The Guardian-ის ცნობით, რამდენიმე უცნაური პოსტის შემდეგ, არსებობდა ეჭვი, რომ მორგანი სტენ ლის სიცოცხლეში მის ოფიციალურ ტვიტერის ანგარიშს იყენებდა და ის იდგა იმ აუხსნელი სარჩელის უკან, რომლის მიხედვითაც სტენ ლი მის მიერვე შექმნილ კომპანიას, Pow! Entertainment ერთ მილიარდ დოლარს სთხოვდა. ლიმ სარჩელი ივლისში გააუქმა და მას "დამაბნეველი" უწოდა.

ამის შემდეგ, ივლისში, სტენ ლისა და მისი ქალიშვილის წარმომადგენელმა იურისტებმა გარდიანს უთხრეს, რომ მარველის შემქმნელის საქმიან ურთიერთობებზე გავლენის მოპოვება "რამდენიმე კაცს" სურდა:

"მოხუცებზე ძალადობა ცნობილ ადამიანებში უფრო და უფრო გახშირდა. ამის მიზეზი კი მათი ქონებაა. უამრავი კრეატიული ადამიანი, მათ შორის სტენ ლი, თავის ფინანსებს სხვა ადამიანებს ანდობს. პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა ასაკის მატებასთან ერთად, ისინი ამ პროცესზე მონიტორინგის შესაძლებლობას კარგავენ. თაღლითობა კი იმ პირებისგანაცაა მოსალოდნელი, ვისაც ცნობილი ფიგურები წლების განმავლობაში ენდობოდნენ".

სტენ ლი იყო Marvel Comics-ის კომპანიის დირექტორების საბჭოს თავმჯდომარე და პრეზიდენტი. რამდენიმე მხატვართან ერთად მან შექმნა ადამიანი-ობობა, ჰალკი, დოქტორი სტრეინჯი, ფანტასტიკური ოთხეული, რკინის კაცი, დერდევილი, თორი, ადამიანები-იქსი და კიდევ მრავალი სხვა პერსონაჟი