საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციაზე სამთავრობო კომისიების სხდომა შემდეგ კვირას ჩატარდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 14 მაისს ერთმანეთს შეხვდნენ ორი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიების თავმჯდომარეები — საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია და აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხალაფ ხალაფოვი.

მხარეებმა მიმოიხილეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის მიმდინარეობა და განიხილეს სამომავლო ნაბიჯები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობის გათვალისწინებით, იხელმძღვანელებენ დავით-გარეჯის სასაზღვრო ზოლში თავისუფალი გადაადგილების არსებული პრაქტიკით და მის განხილვას დაუბრუნდებიან შემდგომ შეხვედრაზე.