პარლამენტში ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას გამოსვლას უმრავლესობა არ დაესწრება.

"მგონია, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამ შეხვედრას არ უნდა დაესწრონ და ეს გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული. გამომდინარე იქიდან, რომ გუნდიდან წასული დეპუტატების და გუნდიდან წასული მინისტრების შეხვედრაზე ჩვენ მგონია, რომ არაფერი გვესაქმება და ასევე საზოგადოებამ უკვე იცის და ხვდება კარგად კონკრეტულ მიზეზებს თუ რატომ გადადგა კონკრეტული ადამიანი თანამდებობიდან. დანარჩენი არის ნეგატიური პიარის ნაწილი, რაც მათი საქმეა, მათი უფლებაა. ყოველ შემთხვევაში განაწყენებული, გუნდიდან წასული ადამიანების შეკრებას ბუნებრივია ჩვენ არ დავესწრებით", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატმა, ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ 15 მაისს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია პარლამენტში მივა და კითხვებს უპასუხებს. მისი თქმით, ქობულიას ღია ფორმატში მისვლა შესთავაზეს, რაზეც ის დათანხმდა.

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გიორგი ქობულიას გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი 18 აპრილს მოაწერა. 4 მაისს შაბათის კურიერში გავიდა ქობულიას კომენტარი, სადაც ის ამბობდა, რომ თანამდებობა თავისი ნებით არ დაუტოვებია.

"ხედვებში არ მოხდა თანხმობა ჩემსა და მმართველი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას შორის. ის პრინციპები, რაზეც მეგონა, რომ ჩემი მინისტრობის დასაწყისში შევთანხმდით, ჩემი აზრით, არ გამართლდა. ამას მოყვა ის, რაც მოხდა", — განაცხადა ქობულიამ.