როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება, თუ სამუდამოდ შეწყვეტთ წუწუნს? ან არის კი ეს, საერთოდ, შესაძლებელი?!

ლეა შაპირომ გადაწყვიტა, ამ კითხვებზე პასუხი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გაეცა და თებერვლის თვის განმავლობაში ერთხელაც არ დაეწუწუნა.

"უბრალოდ, მინდოდა, უფრო გააზრებულად და ყურადღებით მივდგომოდი ჩემს დამოკიდებულებას გარემოსადმი", - ამბობს ის. შაპიროსთან ერთად, ტიერი ბლოპანისა და პიტერ პელგრიმის მიერ ორგანიზებულ წუწუნისგან თავშეკავების პროექტში ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პროექტის მიზანი უარყოფითი განცხადებების აღკვეთის გზით მეტად პოზიტიური ცხორების წესის შექმნა იყო. "არ არსებობს რაიმე საიდუმლო რეცეპტი, უბრალოდ, წუწუნი უნდა შეწყვიტო", - ვკითხულობთ პროექტის ვებსაიტზე. მაგრამ რამდენად მარტივია ამის გაკეთება? ან, საერთოდ, არის კი წუწუნი ცუდი?

ფოტო: Shutterstock

დაჩივლება ადამიანის ბუნებრივი მოთხივნილებათაგანია. კვლევის მიხედვით, რიგითი საუბრისას წუთში ერთხელ მაინც გამოვხატავთ უკმაყოფილებას. წიგნის, სამი მარტივი ნაბიჯის ავტორის, ტრევორ ბლეიქის თქმით, ამის უკან სოციალიზაციის მოთხოვნილება დგას: "არაფერი აერთიანეს ადამიანებს უფრო ძლიერ, ვიდრე საერთო სიძულვილის გრძნობა. ორმხრივად გაზიარებულ ნეგატიურ ემოციებზე დამყარებული ურთიერთობა ყველაზე მარტივი გზაა მეგობრების შესაძენად".

გარდა ამისა, ევოლოცია, თავდაცვის ინსტიქტიდან გამომდინარე, მოვლენის ნეგატიურ მხარეზე ფოკუსირებისკენ გვიბიძგებს, ამბობს წიგნის, წუწუნის საწინააღმდეგო წესები, ავტორი, ჯონ გორდონი: "რაც მეტად ვაკვირდებით ისეთ რამეს, რასაც ჩვენი ტკენა ან მოკვლა შეუძლია, მით უფრო ძლიერად გამოგვიმუშავდება მისგან თავდაცვის ინსტინქტი".

თუმცა, ყოველ ჯერზე, როცა უკმაყოფილებას გამოვხატავთ, ჩვენ ამის საფასურსაც ვიხდით. წუწუნის დროს ტვინის უჯრედები გამოყოფენ სტრესის ჰორმონებს, რომლებიც პრობლემის გადაჭრასა და სხვა შემეცნებით უნარებზე პასუხისმგებელ ნერვულ კავშირებს აზიანებენ. სტრესის ჰორმონები იმ დროსაც გამოიყოფა, როცა სხვა ადამიანის გაუთავაბელ ჩივილსა და ბუზღუნს ვისმენთ. "ეს ისეთივე ცუდი რამაა, როგორიც პასიური მწეველობა; ეს, ფაქტობრივად, პასიური წუწუნია", - ამბობს გორდონი. როგორც ოფისების უმრავლესობაშია მოწევა აკრძალული, სწორედ ასე უკრძალავს ბლეიქი თავისი გუნდის წევრებს წუწუნს: "მე მათ ერთ შანსს ვაძლევ და თუ მეორედაც გამოვიჭერ, ჩათვალეთ, მათთვის ყველაფერი დამთავრებულია". ცოტა არ იყოს, ზედმეტად მკაცრი პოზიციაა; ბოლოსდაბოლოს, ისეთ რაღაცაზე უარის თქმის მცდელობა, რაც გაუცნობიერებლად გვემართება, თითქოს დასაწყისშივე წარუმატებლობისთვისაა განწირული.

ფოტო: Ryan Hyde

წუწუნისგან თავშეკავების პროექტის ორგანიზატორები, ბლოპანი და პელგრიმი, აღიარებენ, რომ მათი მისია ყოველ წელს კრახით სრულდება. "ძალიან რთულია იმ ქცევებისთვის თავის დანებება, რომლებიც უკვე ჩვევაში გაქვს გადასული", - ამბობს ჯოანა ვულფი, კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის ინგლისური ენის პროფესორი, - "გიცდიათ ოდესმე, საუბრის დროს აღარ გამოგეყენებინათ აუ და ვაიმე? ეს, მართლაც, საოცრად რთულია".

თუცმა, ზოგჯერ ჩვენ, უბრალოდ, სასიცოცხლოდ გვესაჭიროება უარყოფითი ემოციებისგან დაცლა. ამის მერე თავს ხომ გაცილებით უკეთესად ვგრძნობთ ხოლმე. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ნეგატიური გრძნობების დაგროვებამ, შესაძლოა, სიცოცხლის ხანგრძლივობა ორი წლით შეგვიმციროს.

კარგი ამბავი ისაა, რომ ინდიფერენტულობასა და მუდამ უკმაყოფილებას შორის შუალედური მდგომარეობაც არსებობს. თუ წუწუნის დონის შემცირება რეალურად გსურთ, ქვემოთ რამდენიმე ისეთ რჩევას შემოგთავაზებთ, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

1. დაიწყეთ იმის გააზრებით, თუ რას წარმოადგენს წუწუნი

თუ, უბრალოდ, აღნიშნავ, რომ გარეთ სიცივეა, ეს წუწუნს ნიშნავს? "არა, ეს, უბრალოდ, დაკვირვებაა", - გვიხსნის ბლეიქი, - "წუწუნი იქნებოდა მაშინ, თუ ვიტყოდით, გარეთ ცივა და უკვე მძულს აქ ცხოვრებაო". შაპირო ამბობს, რომ ის წუწუნს, როგორც განცდას, ისე განმარტავს: "ასეთ დროს თითქოს ორად ვარ მოკეცილი და სუნთქვა მიჭირს".

2. დააკვირდით, რამდენად ხშირად და რის შესახებ წუწუნებთ

ცვლილება მისი საჭიროების გაცნობიერებით იწყება. "მოემზადეთ, რომ ეს შოკისმომგვრელი იქნება", - ამბობს ბლეიქი, - "იმ მომენტიდან ორი-სამი საათის გასვლის შემდეგ, რაც საკუთარ თავზე დაკვირვებას დაიწყებთ, აღმოაჩენთ, რომ ასობით მოვლენაზე მოგისწრიათ წუწუნი".

3. შეეცადეთ, ქრონიკულად მოწუწუნე ადამიანებისგან თავი შორს დაიჭიროთ

ფოტო: Shutterstock

თუ იძულებული ხართ, უსმინოთ, როგორ წუწუნებენ თავიანთ პრობლემებზე სხვები, იმის ნაცვლად, რომ შეუერთდეთ საერთო უკმაყოფილებას, ეცადეთ, რაიმე პოზიტიურით უპასუხოთ. "ასეთ დროს გაბედულობა და თავდაჯერებულობა გმართებთ. უნდა შეგეძლოთ საკუთარი თავის დარწმუნება, რომ არ არის აუცილებელი, ყველას კარგი შეხედულება ჰქონდეს თქვენზე", - ამბობს ბლეიქი, - "რაღაც დროის გასვლის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ ადამიანები, რომლებიც გაუთავებლად ჩივიან, ნელ-ნელა წყვეტენ თქვენთან ურთიერთობას, რადგან მათი ტვინი იმ უკუკავშირს არ იღებს, რა მიზნითაც მოგმართავენ".

4. აქციეთ წუწუნი მოქმედებად

ამ მდგომარეობას პოზიტიური წუწუნი ან ეფექტიანი წუწუნი ეწოდება. როგორც ვულფი ამბობს, "ნუ გაფლანგავთ დროს პრობლემით ტკბობაში", გააკეთეთ რაიმე მის მოსაგვარდებლად.

5. გამოიყენეთ მაგრამ-პოზიტიური ტექნიკა

ამ ხერხის გამოყენებას გორდონი გვირჩევს: "თუ საკუთარ თავს წუწუნში გამოიჭერთ, დაამატეთ მაგრამ და შეეცადეთ, რაიმე პოზიტიური განცხადება მიაყოლოთ. მაგალითად: ვერ ვიტან სამსახურში მანქანით წასვლას, მაგრამ მადლიერი ვარ, რომ ტარება შემიძლია და, საერთოდ, სამსახური მაქვს".

ფოტო: Getty

6. შეცვალეთ ვალდებულება შესაძლებლობით

ასეთ დრო "ბავშვები უნდა წამოვიყვანო" შეიცვლება ფრაზით - "ბავშვების წამოყვანა შემიძლია". "თქვენს უკმაყოფილო ხმას მადლიერების ტონი ცვლის", - ამბობს გორდონი, - "რაც უფრო ხშირად ფოკუსირდებით პოზიტიურ მხარეზე, თავს მით უფრო კარგად იგრძნობთ. თავიდან, შეიძლება, ცოტა უხერხული იყოს, მაგრამ თანდათან ეს თქვენს ბუნებრივ მდგომარეობად გადაიქცევა".

შაპირო წუწუნისგან თავშეკავების პროექტის შესახებ ამბობს, რომ რთული კი იყო, მაგრამ მონაწილეობის მიღება ნამდვილად ღირდა. "მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ დავარღვიე პროექტის პირობები, შევამჩნიე, რომ ამ თვის განმავლობაში თავს ბევრად უფრო პოზიტიურად ვგრძნობ და ჩემ გარშემო უფრო მეტი კარგი რამ ხდება", - ამბობს ის.

შაპირომ ისწავლა, რომ უარყოფით ემოციებთან გამკლავება იოგაზე სიარულით შეუძლია. ამასთან, როცა წუწუნის სურვილის მოზღვავებას შეამჩნევს, ჩანაწერებს აკეთებს. პროექტში მონაწილეობის შემდეგ სამსახურში მისი პროდუქტიულობა საგრძნობლად გაიზარდა და ის პროექტიც კი განახორციელა, რომელსაც კარგა ხანი თავს არიდებდა: "თავდაპირველად ის საოცრად მოსაწყენი მეჩვენებოდა და მასზე წუწუნის მეტს არაფერს ვაკეთებდი. მაგრამ მერე, უბრალოდ, ავდექი და შევეჭიდე. და როცა ბოლოში გავედი, უჩვეულოდ კარგად ვიგრძენი თავი".

შაპირო პროექტში მონაწილეობას მთელი წლის განმავლობაში აპირებს და იმედოვნებს, რომ დროსთან ერთად "წუწუნი ნელ-ნელა მთლიანად გაუჩინარდება და, როცა თავს დაუცველად ვიგრძნობ, ამ გზით აღარ შევეცდები ხოლმე პრობლემასთან გამკლავებას".