შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტით, რომელიც პარლამენტში დარეგისტრირდა, ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება და პროპაგანდა იკრძალება.

პროექტით, აკრძალულია თუ პირი:

  • ცდილობს მოაწყოს ან აწყობს ცხოველთა ორთაბრძოლებს;
  • შეგნებულად იღებს ფულს ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით;
  • ავრცელებს ინფორმაციას ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ;
  • საკუთარი ან სხვისი ცხოველით მონაწილეობს ცხოველთა ორთაბრძოლებში;
  • წვრთნის და ამზადებს ცხოველებს ორთაბრძოლაში მონაწილეობისათვის;
  • იყენებს ან სხვას რთავს ნებას თავის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული შენობა- ნაგებობა გამოიყენოს ორთაბრძოლების მოსაწყობად;
  • შეგნებულად იღებს და ავრცელებს ცხოველთა ორთაბრძოლის ვიდეო და ფოტო გამოსახულებებს ან ინახავს მათ, შემდგომში მათი გავრცელების მიზნით.

კანონპროექტის მიხედვით, ცხოველთა გაწვრთნა ორთაბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად, ასევე ცხოველთა ორთაბრძოლის ვიდეო და ფოტო გამოსახულებების გადაღება და გავრცელება ან მათი შენახვა, შემდგომში მათი გავრცელების მიზნით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე;

პირის მიერ ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით ფულის აღება, ასევე, პირის მიერ თავის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის გამოყენება ორთაბრძოლების მოსაწყობად ან სხვისთვის ასეთის ნების დართვა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე;

ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა, ასევე ინფორმაციის გავრცელება ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე.

გაიგე მეტი: