Workplace ფეისბუქის მიერ შექმნილი პლატფორმაა კომპანიებისთვის, რომელიც თანამშრომლებს კომუნიკაციასა და კონკრეტული მიმართულებით საქმის მენეჯმენტში ეხმარება.

უახლოეს მომავალში, ქსელზე წვდომა საქართველოს ბანკის თანამშრომლებსაც ექნებათ. ის ერთ-ერთი პირველია ქართულ კომპანიებს შორს, რომელიც დასაქმებულებს თანამედროვე შიდა საკომუნიკაციო პლატფორმას სთავაზობს.

რატომაა კარგი ვორქფლეისი? — თანამედროვე საკომუნიკაციო არხი ქმნის თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოს, სადაც ოპერატიულად, თანამედროვე ინსტრუმენტებით შეძლებენ თანამშრომლები ორგანიზაციის შიგნით არსებული ინფორმაციის გაცვლას, ჩაერთვებიან სხვადასხვა აქტივობებში, მიიღებენ უკუკავშირს და ა.შ.

გთავაზობთ 10 მიზეზს, რომელიც სხვა ქსელებთან შედარებით Workplace-ის უპირატესობაში დაგარწმუნებთ:

1. ის ადამიანებზეა და არა ორგანიზაციებზე

ფოტო: HolyPix

ვორქფლეისზე დარეგისტრირებისას ადამიანები უთითებენ თავის პოზიციას, როლს ორგანიზაციაში, გამოხატავენ თავიანთ ინტერესებს და საკუთარ თავს.

2. საინტერესო ადამიანები

ფოტო: Lemon Digital

პლატფორმაზე შეგიძლიათ საერთო ინტერესების მქონე კოლეგების აღმოჩენა და მათი სრულიად ახალი თვალით დანახვა.

3. არა ყალბ ანგარიშებს

ფოტო: Patswerk

ვორქფლეისს მსოფლიოს მასშტაბით 30 ათასზე მეტი ორგანიზაცია იყენებს. რამდენიმე მილიონი მომხმარებელი საიტის გამოყენებისთვის განსაზღვრულ თანხას იხდის, ამიტომ ნაკლები შანსია სამუშაო პროცესისას იქ ისეთი მესიჯი მიიღო, როგორიცაა - "gavicnod lamazo?"

4. სამუშაო პროცესი ერთ სივრცეში

ფოტო: Jonas Mosesson

ვორქფლეისის გამოყენებისას გაცილებით მცირდება შესასრულებელი სამუშაოების სხვადასხვა სივრცეში ჩანიშვნის აუცილებლობა.

5. ჯგუფები

ფოტო: Juan Ignacio Scocozza

ვორქფლეისში, ისევე როგორც Facebook-ზე შესაძლებელია სხვადასხვა თემატური ჯგუფების შექმნა. ეს საშუალებას მოგცემს თანამშრომლებთან ერთად, გუნდურად დაგეგმო ყოველი სამუშაო დღე და დასვა კითხვები შესაბამის საკითხზე. ამას გარდა თითოეული თანამშრომლის ნიუსფიზე ჩანს ყველა ის სიახლე და საინტერესო ამბავი, რაც კომპანიის შიგნით თუ მასთან კავშირში ხდება. სიახლეების გაცნობა, კომუნიკაცია და გამჭვირვალეობა კი დასაქმებულის პროდუქტიულობაზე დადებითად მოქმედებს.

6. მობილური აპლიკაციები

ფოტო: Linn Fritz

ვორქფლეისის გამოსაყენებლად სამუშაო მაგიდასთან მოკალათება არ გჭირდება, მისი გამოყენება შეგიძლია ნებისმიერ ადგილას, სამუშაო თუ არასამუშაო დროს მიბლური ტელეფონიდანაც. ის ხელმისაწვდომია როგორც Android, ისე iOS სისტემებზე. მისი ჩაწერა შეგიძლია ტაბლეტზეც.

7. პროექტების კომფორტული მართვა

ფოტო: Jonas Mosesson

ვორქფლეისის მომხმარებელს შეუძლია პლატფორმაზე საკუთარი პროექტი შექმნას, მართოს, თანამშრომლებს განახლებები გაუზიაროს და მიაწოდოს მათ ინოვაციური იდეები.

8. არავითარი რეკლამები!

ფოტო: TinoFan

ერთ-ერთი რამ, რაც სოციალური მედიის მომხმარებლების გაღიზიანებას იწვევს ის რეკლამებია, რომლებიც თუნდაც მის ინტერესებზეა მორგებული. ვორქფლეისზე ასეთ რამეს ვერ შეხვდები და სამუშაო პროცესისას უსარგებლო რეკლამები კონცენტრაციაში ხელს არ შეგიშლის.

9. კრიზისული სიტუაციების ეფექტიანი გამკლავება

ფოტო: Andrey Prokopenko

ვორქფლეისი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სასწრაფოდ შეატყობინონ თანამშრომლებს ან ჯგუფის ადმინებს კრიზისული ვითარებების შესახებ. ხანძრის, მიწისძვრის ან სხვა გაუთვალისწინებელი სიტუაციის შემთხვევაში, ვორქფლეისის საშუალებით მათთან კომუნიკაცია და საერთო გეგმის გაზიარება უფრო სწრაფად და ეფექტიანად ხდება. თავის მხრივ, მომხმარებლები სპეციალურ შეტყობინებაზე პასუხით ახერხებენ, რომ მათი მდგომარეობა გუნდის წევრებს გააცნონ.

10. უსაფრთხოება

ფოტო: Aga Jucha

ფეისბუქის ყველა მომხმარებელს ახსოვს კემბრიჯ ანალიტიკას სკანდალი, რომლის შემდეგაც გიგანტური სოციალური ქსელის აქციები დაეცა. თუმცა, კრიზისი ვორქფლეისის მომხმარებლებს არ შეხებიათ, მიზეზი მარტივია: ვორქფლეისზე არ არის რეკლამები, რის გამოც ფეისბუქს პლატფორმის წევრების მონაცემების მიყიდვა მესამე პირისთვის არ უწევს. იმის გამო, რომ ვორქფლეისი თავადაც ფასიანი პროდუქტია, გამოთქმის პრინციპი "თუ პროდუქტისთვის არ იხდი, მაშინ პროდუქტი თავად ხარ", - ამობრუნებულადაც მოქმედებს.

ამ პლუსების გარდა, აღსანიშნავია, რომ ვორქფლეისს ფეისბუქის ფუნქციებიც აქვს — ხმოვანი მესიჯები, ვიდეო ზარები, ლაივ ვიდეოები და ა.შ. პლატფორმა ნებისმიერ ორგანიზაციას საერთო ინტერესების მქონე ადამიანების თავშეყრის ადგილად აქცევს.