მრავალბინიან საცხოვრებელი სახლის ბინაში 5-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა აიკრძალება. შესაბამისი კანონპროექტი შინაური ბინადარი ცხოვრების შესახებ პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.

ამავე კანონპროექტის მიხედვით, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აეკრძალება საკუთრებაში, კონკრეტულ მისამართზე ან ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ტერიტორიაზე ერთდროულად 10-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა, გარდა ამ ცხოველთა ნაშიერისა, რომელთა ასაკი არ აღემატება 6 თვეს.

თუ ეს მისამართი ან ტერიტორია აკმაყოფილებს ამ წესით ცხოველთა თავშესაფრისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს რაოდენობის შეზღუდვა არ იმოქმედებს.

ამავე კანონპროექტით, შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე ვალდებული იქნება აღმოფხვრას საკუთრებაში არსებული ცხოველის მიერ მეზობლებისთვის ან ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული სივრცისთვის მიყენებული ზიანი (სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, ხმაური).

კანონპროექტის ავტორები ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, პარლამენტში ინიცირება კი ქართული ოცნების 10-მა დეპუტატმა განახორციელა.

შინაურ ბინადარ ცხოველთა კანონპროექტი

შინაურ ბინადარ ცხოველთა სამართლებრივი სტატუსი, მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი სტანდარტები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გადაადგილება და ტრანსპორტირება, პატრონთა ვალდებულებები, ცხოველთა სასტიკი მოპყრობისაგან დაცვა, მოკვდინებისა და კომერციული მოშენების პირობები კანონის დონეზე დარეგულირდება.

შინაურ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებების მიზანია:

  • შინაური ბინადარი ცხოველების კეთილდღეობის უზრუნველყოფა და მათი დაცვა;
  • ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველების თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო გარემოს შექმნა;
  • შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვა.

ცვლილებები არ გავრცელდება შინაურ ფერმერულ და გარეულ ცხოველებზე.

გაიგე მეტი: შინაურ ცხოველთა რეგისტრაცია სავალდებულო ხდება — რა წერია შინაურ ბინადარ ცხოველთა კანონპროექტში