შვედეთის პროკურატურამ გაუპატიურების საქმეზე WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჟულიან ასანჟის წინააღმდეგ გამოძიება განაახლა. პროკურორი ევა-მარია პერსონი აცხადებს, რომ ასანჟის ბრალეულობის სერიოზული საფუძველი აქვთ.

ასანჟს გაუპატიურების ბრალდება 2010 წელს ორმა ქალმა წაუყენა. შემდგომში გამოძიება შეწყდა, თუმცა მოგვიანებით ისევ განახლდა. პერსონის თქმით, შვედეთის პროკურატურა ასანჟის გადაცემას მოითხოვს:

"იმედი გვაქვს, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილებას ზაფხულში მიიღეს, 2019 წლის აგვისტომდე, სანამ საქმეს ხანდაზმულობის ვადა გაუვა".

მას შემდეგ, რაც შვედეთში საქმე პირველად აღიძრა, ასანჟი ამტკიცებდა, რომ ბრალდებები სპეციალურად წაუყენეს, რათა შემდგომში აშშ-ს გადასცენ, სადაც მას პენტაგონისა და სვა უწყებების საიდუმლო მასალების გამოქვეყნებისთვის ბრალდებები ელოდებოდა. ამავე წელს ასანჟი ლონდონის პოლიციის განყოფილებაში მივიდა, სადაც ის დააკავეს, თუმცა სასამართლომ ცხრადღიანი პატიმრობის შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ასანჟის შვედეთის ხელისუფლებისთვის გადასაცემად 2012 წელს ლონდონის სასამართლომ დაკავების განჩინება გასცა. ასანჟმა თავი ლონდონში ეკვადორის საელჩოს შეაფარა, სადაც 2019 წლის 11 აპრილამდე იმყოფებოდა. პოლიციამ ასანჟი მას შემდეგ დააკავა, რაც ეკვადორმა მას საელჩოში თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა.

როგორც ეკვადორის პრეზიდენტმა, ლენინ მორენომ განმარტა, WikiLeaks-ის დამფუძნებელმა საერთაშორისო კონვენციები არაერთხელ დაარღვია, რის გამოც თავშესაფრის უფლება ჩამოართვა.

ლონდონის სასამართლომ ჟულიან ასანჟს გირაოს პირობების დარღვევისთვის 50-კვირიანი პატიმრობა მიუსაჯა.