გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი პარტია ქართულ ოცნებაში დასაქმდა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს პარტიაშიც დაუდასტურეს. პრესსამსახური არ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაცია, თითქოს მიმინოშვილი ახალი კადრების შერჩევას კურირებს. მათივე ცნობით, მას კონკრეტული პოზიცია არ აქვს, თუმცა ჯგუფთან ერთად მუშაობს პარტიის წევრების გადამზადებაში, ტრენინგების მომზადებაში და ა.შ.

მაია მიმინოშვილის ქართულ ოცნებაში დასაქმების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ინტერპრესნიუსმა გაავრცელა.

მაია მიმინოშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას 13 სექტემბრამდე იკავებდა. იგი სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელებთან ერთად გაათავისუფლეს. მაშინ მან განაცხადა, რომ მინისტრთან უთანხმოება არ ჰქონია და მისი გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ახალი გუნდის შექმნის პრინციპს ემყარებოდა.

მაია მიმინოშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 2012 წელს დიმიტრი შაშკინის მინისტრობის პერიოდშიც გაათავისუფლეს.