ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. 12 მაისის არჩევნებზე 50-პროცენტიანი ზღვარი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.

პრეზიდენტის პოსტისთვის 26 მაისს, მეორე ტურში იბრძოლებენ ფინანსთა ყოფილი მინისტრი ინგრიდ შიმონიტე (26,2 პროცენტი) და ეკონომისტი გიტინას ნაუსედა (24,6 პროცენტი). არჩევნებში მონაწილეობას იღებდა მოქმედი პრემიერ-მინისტრი სალიუს სკვერნიალისი, რომელმაც დამარცხება უკვე აღიარა და განაცხადა, რომ თანამდებობას დატოვებს.

ამჟამინდელი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე საპრეზიდენტო მეორე ვადას ასრულებს და მესამედ კენჭისყრის უფლება არ აქვს.

საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ლიეტუვაში ორი რეფერენდუმი ჩატარდა — ორმაგი მოქალაქეობის დაშვება და პარლამენტში დეპუტატების 141-დან 121-მდე შემცირება. ორივე რეფერენდუმი ვერ ჩატარდა, რადგან ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა დაფიქსირდა.

საპრეზიდენტო კანდიდატებიდან არც ერთი არ აპირებს საგარეო კურსის ცვლილებას, განსაკუთრებით რუსეთის მიმართა, რომელიც ლიეტუვაში აგრესორად მიიჩნევა. ლიეტუვაში პრეზიდენტს შედარებით მეტი უფლებამოსილება აქვს, ვიდრე ლატვიასა და ესტონეთში.

ლიეტუვას პრეზიდენტი მთავრობასთან ერთად საგარეო კურსს აყალიბებს, არის მთავარსარდალი, აქვს საკანონმდებლო ინიციატივისა და საკანონმდებლო ვეტოს უფლება. თუ ლატვიასა და ესტონეთში პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს, ლიეტუვაში ამას ხალხი აკეთებს.